სუს-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას კითხავენ

16:23 09-16-2018
83

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია იკითხება.

პირველი არხის ინფორმაციით, გამომძიებლებს ლევან შონიასთან კითხვები ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აქვთ.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის სავარაუდო კავშირს ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, იმ ჩანაწერში, რომელიც მან გამოძიებას გადასცა, ლევან შონიას გვარიც ფიგურირებს.

ამავე ინფორმაციით, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული უძრავი ქონების მიღებაში დახმარებისთვის სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას გადაუხადა ათი ათასი დოლარი.

პარალელურად, ამ საქმეზე დღეს გამოკითხვები მიმდინარეობს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ უწყებაში რამდენიმე წუთის წინ ლევან შონიას ყოფილი მოადგილე დავით კოდუა მივიდა.

სუს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ამ წუთებში კი ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას დას კითხავენ.

ავტორი: