"მრევლს რაც ეხება ყველაფერი გვეხება" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის აზროვნებას აკრიტიკებს

19:43 09-19-2018
73

საპატრიარქოში მღვდელმთავრების თათბირი დასრულდა. დღეს სამი საათის განმავლობაში წმინდა სინოდის გავლენიანი სასულიერო პირები საპატრიარქოში იყვნენ შეკრებილები. დახურული შეხვედრიდან გამოსულმა წმინდა სინოდის წევრებმა რუსთავი 2-ს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.

მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მუქარა ეკლესიის მიმართ და განცხადება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის სასულიერი პირებს ჩარჩოებში მოაქცევს, მიუღებელია.

„მღვდელმთავრები რომ გავხდით ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ მოქალაქეები არ ვართ ამ ქვეყნისა. როგორც მოქალაქეები, და მერე მეორე, ჩვენ ჩვენს სულიერ მრევლს რაც ეხება ყველაფერი გვეხება, სულიერი მრევლის დეგრადაციას, რაც ეხება ყველაფერი გვეხება.

რატო აქვს ასეთი აზროვნება არ ვიცი, რას ჰქვია ჩვენ არ გვეხება, მრევლი ვის ეხება? მრევლის კეთილდღეობა, მრევლის საზრუნავი ვის ეხება? ეკლესიას არ ეხება? საიდან მოაქვს ეს დასკვნები?

აშკარაა, ფაქტია, უჭირს აზროვნებაში“- ამბობს მეუფე ანტონი.

შეკითხვაზე, ახმოვანებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის პოზიციას, მეუფე ანტონი ამბობს, რომ არ იცის, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში მხარს ქართული ოცნება დაუჭერს, მთავრობის საამებლად ყოველთვის დგამს ხოლმე ნაბიჯებს.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ავტორი: