"ეს რეგულაცია ასევე გამოიწვევს კვერცხის და ქათმის ხორცის გაძვირებას..." - ხორბლის შესახებ ნორმას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

20:05 09-19-2018
52

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის, იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციას, ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

აგვიტოს თვეში, როცა ერი ისვენებდა, ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა არაკონსტიტუციური რეგულაცია მიეღო, რომლითაც 1 ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზით ან საზღვაო ტრანსპორტით გახდება შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ამ ბრძანებით მოუწევს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტა, ხოლო ათობით იმპორტიორს რკინიგზის ძვირიანი მომსახურებით სარგებლობა, რაც ასევე გამოიწვევს კვერცხის და ქათმის ხორცის გაძვირებას. რა თქმა უნდა ამ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ (GDI უკვე მუშაობს სარჩელზე), რადგან ეს რეგულაცია ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30.2 და 21-ე მუხლებს.
რა ქვია სახელმწიფოს ამ ქცევას, როცა ის ართმევს აწყობილ ბიზნესს ათასობით ადამიანს და აძლევს მონოპოლიას საკუთარ კომპანიას (საქართველოს რკინიგზაას)? - წერს მშვენიერაძე.

კანონის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა და შესთავაზა, რომ კანონის ამოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდოს. ამ დროის განმავლობაში კი ერთობლივ პოზიციაზე შეჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთოს მძღოლები კანონის შეცვლის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა აქციას აწყობენ.



ავტორი: