"ევროპული საქართველო" უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
პარტიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის მუშაობა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, სრული ფარსია.
“ევროპული საქართველო" მონაწილეობდა უწყებათაშორისი საარჩევნო კომისიის მუშაობაში. ჩვენ წარვადგენდით ჩვენს პრეტენზიებს, საჩივრებს, ვაფიქსირებდით დარღვევებს, მაგრამ ამ კომისიის მუშაობა როდესაც თავჯდომარეობს ქალბატონი წულუკიანი არის სრული ფორმალობა, ფარსი, კლოუნადაც კი. ისე ცდილობს წაიყვანოს ეს პროცესი ქალბატონმა წულუკიანმა. დახურულია მედიისთვის, რომ საზოგადოებამ არ დაინახოს შიგნით რაც ხდება. არცერთ დარღვევაზე არ დაფიქსირებულა ადეკვატური რეაგირება. მინისტრი თავს ესხმის არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ არასამთავრობო სექტორსაც და პრაქტიკულად იქ დარჩენის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ და სანამ ეს ესეა, სანამ ასეთი ფარსია, სანამ ასეთი პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი ხელმძღვანელობს ამ პროცესს ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, რომ გავაგრძელოთ ყოფნა და მუშაობა აღნიშნულ კომისიაში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.