"გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 1 წლით გადავავადოთ ეს შეზღუდვა..." - ფინანსთა მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდა

14:42 09-20-2018
213

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციის მონაწილეებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეზღუდვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირებას კრძალავდა, ერთი წლით გადავადდეს.

გადაწყევტილება მივიღეთ, რომ 1 წლით გადავავადოთ ეს შეზღუდვა, შემდეგ შევხვდებით და გადავწყვეტთ როგორ დავარეგულიროთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მას შემდეგ მივიდა, რაც ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავმა ერთ-ერთმა მეწარმემ თვის დაწვა სცადა.  ჯანო ამყოლაძემ გეზი-ის ერთ-ერთი შენობა-ნაგებობის სახურავი მას შემდეგ დატოვა, რაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მასთან სასაუბროდ მინისტრი იყო მისული.

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნა იყო, 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მათი განცხადებით, ამ პერიოდში ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფინანსთა სამინისტროსთან, რათა მოიძებნოს ოპტიმალური გამოსავალი ორივე მხარისთვის