"სრული პასუხისმგებლობითა და ძალიან კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგაც, არც ერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობებში არ შევსულვარ და არავის ჩემს წინაშე არაფორმალური ვალდებულებები არ შექმნია" – ამის შესახებ პირველ არხს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის შესახებ განუცხადა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება ახსენებდეს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ხადურის გვარს „ომეგასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში, ხადური იმედოვნებს, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის.
„ნამდვილად არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური, მაგრამ თუ ავთენტურია, მაშინ ბატონ ლევანს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„გამოძიებასაც ვუპასუხებ საჭიროების შემთხვევაში, რადგან არავისთან შევსულვარ არაფორმალურ ურთიერთობებში ბიზნესის თემების განხილვისას, მაშინაც, როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი და ახლა, როცა ვარ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი“, – განუცხადა ნოდარ ხადურმა პირველ არხს.
ამასთან, როგორც ხადურმა აღნიშნა, ის საქართველოში არ არის და ჩანაწერთან დაკავშირებით ლევან ყიფიანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„სამწუხაროდ, არ ვარ საქართველოში, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს აზრი აქვს ბატონ ლევანთან საუბარს" - დასძინა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.
დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.
წინა ჩანაწერებთან დაკავშირებით, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს ამ მასალის აუთენტურობას.
როგორც "პრაიმტაიმს" პროკურატურაში განუცხადეს, საქმე აღძრული როგორც წინა ჩანაწერებზე, ასევე გამოძიება დაინტერესებულია ახალი ჩანაწერითაც.