მე რომ გამომეყვანა, მცირერიცხოვანი არ იქნებოდა, თუ ქვეყანას დასჭირდა, ნახევარი მილიონიც გამოვა - მეუფე იაკობი სასულიერო პირების აქციას ეხმაურება

21:40 09-22-2018
61

ბოდბელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საკრებულოსთან გამოსული სასულიერო პირები და მრევლი არც ისე ფართომასშტაბიანი იყო.

როგორც მეუფე იაკობმა "შაბათის კურიერთან" ინტერიუში განაცხადა, თუ ქვეყანას დასჭირდება, ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი არ გამოვა აქციაზე. 

"მე რომ გამომეყვანა, ასეთი მცირერიცხოვანი არ იქნებოდა. მერწმუნეთ, ნახევარმილიონზე ნაკლები არ გამოვა, თუ ქვეყანას დასჭირდა, მაგაზე ნაკლები ადამიანი არ გამოვა მე ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ არ ვიძახი, თუ დასჭირდა იმას, ყოველთვის დავუდგებით ჩვენს ქვეყანას. მე საკრებულოსთან არ მივიდოდი, ტყემალაძესთან რა მინდა?! “ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მოყვანილი არგუმენტები კანაფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მისთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის სამომავლოდ პროგნოზირებული ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერ დაარწმუნებს აღნიშნული კანონპროექტის დადებით მხარეებში.

მეუფეს თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც მას დაარწმუნებს, რომ საქართველოში გამართლდეს კანაფის კულტივაცია.

„როგორც მოხდა ამ კანონის თავზე მოხვევა, ეს იყო თავსმოხვეული კანონი და მაგან დაგვაკარგვინა ნდობა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ განხილვის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება, კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებით.

მეუფე აცხადებს, რომ ხელისუფლება მარიხუანის კონტროლს ვერ შეძლებს და არც სამართალდამცავების იმედი აქვს, რომ გააკონტროლონ მომავალში ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა.

16 სექტემბერს სასულიერო პირებმა და მრევლმა საკრებულოსთან მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება და ხელისუფლების კანაფთან  დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინიციატივები მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს და პარაკლისი აღავლინეს, რაც მეორე დღეს, სამებიდან საკრებულომდე აქცია-მსვლელობით გაგრძელდა.