შეხვდა თუ არა მეუფე იაკობი კანაფთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილს? - მეუფე შეხვედრას არ უარყოფს

21:48 09-22-2018
67

ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, არც უარყოფს და არც ადასტურებს, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს კანაფის კულტივაცია/ექსპორტთან დაკავშირებით.

მეუფე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, თუმცა, ვისთან, არ აკონკრეტებს.

მეუფე აცხადებს, რომ სხვების ინტერესში შედიოდა მსგავსი კანონპროექტის მიღება და არა ივანიშვილის.

„ეს იყო, მე ვფიქრობ, ჯანსაღი შეხვედრა ქვეყნისთვის,“ - ამბობს მეუფე იაკობი და აღნიშნავს, რომ „გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ანალიზი ჩაატარეს, იცოდნენ ხალხის განწყობა“.

მეუფე აცხადებს, რომ, თუ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ შეჩერდებოდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე პროცესი დაიწყებოდა.

„არჩევნებზე მეტად უფრო მძიმე ეს პროცესი იქნებოდა, არჩევნები შეიძლება, აღარც გახსენებოდა კაცს,“ - აცხადებს მეუფე.

მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ გამოიწვევენ კანონპროექტს და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ხალხს და სასულიერო პირებს ვერ „გადააგდებს“.

„გადაგდება ვერ მოხდება, საკუთარ თავს ხომ ვერ გადაიგდებენ. ეს იქნებოდა სულელური პროცესი,“ - განაცხადა მეუფემ.