ნაღმი, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება

10:26 09-24-2018
3981

 ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ენგურჰესის გვირაბები, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის მთიან სოფლებზე  გადის, უკვე ათწლეულებია, მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, რაც თავის მხრივ მრავალმილიონიან დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ჯერ კიდევ 2006 წელს, მაშინდელი უმრავლესობის დეპუტატის, ნაზი არონიას ინიციატივით საკითხი პარლამენტში გააქტიურდა. არონიამ საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრემიერ მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს ენგურჰესზე სასწრაფო სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა, რასაც მაშინ ნოღაიდელის გაღიზიანება მოჰყვა.

ახლა კი მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა... ყოფილი დეპუტატი, რომელიც ამ საკითხს კარგად იცნობს, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ გვირაბებიდან გამოჟონილი წყალი სოფლებში მდინარეებად მოედინება და ადგილობრივებს იქ კუსტარული წისქვილებიც კი აქვთ მოწყობილი. ნაზი არონიას თქმით, თუ ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები არ მიიღო, არავინ იცის, ეს ნაღმი როდის აფეთქდება. ასეთ შემთხვევაში კი შედეგები ნამდვილად კატასტროფული იქნება, ვინაიდან ენგურჰესის კატასტროფას თავისი მასშტაბებით შეუძლია, მიწასთან გაასწოროს მთლიანად სამეგრელო და აფხაზეთი.

ნაზი არონია, ყოფილი დეპუტატი:

– 2006 წელს ეს საკითხი მე დავაყენე პარლამენტის სხდომაზე. დეტალურად აღვწერე ენგურჰესის გვირაბებში არსებული სავალალო, შეიძლება ითქვას, კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც დღესაც აქტუალურია. თქვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ავხსნი, რაზეა საუბარი: ამას სადერივაციო გვირაბი ჰქვია, ანუ კაშხლიდან გამოედინება წყალი და ამ გვირაბებით ის ჩაედინება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვარდნილჰესის ტურბინებში. გვირაბი, რომელიც გადის სამეგრელოს მთების გულში თავიდანვე გაკეთებული იყო უხარისხოდ. მე თვითონ იქ დავიბადე და გავიზარდე. წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში. ეს არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც გვირაბი გადის. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე ენგურჰესზე „გახალტურებული“ ცემენტით აშენდა მთელი სამი რაიონი. ქანი უნდა გამაგრებულიყო ცემენტის ხსნარით, სინამდვილეში იპარავდნენ ცემენტს, მშენებლობა მიდიოდა უხარისხოდ. ამან შემდეგ იჩინა თავი, როდესაც წყალი გაუშვეს ამ გვირაბებში. როგორც მოგეხსენებათ, წყალს აქვს თვისება, რომ, თუ სადმე ფორს იპოვის, მაშინვე შეუძლია გაჟონოს. ასეთი ფორი ბევრი აღმოჩნდა. წყალმა დაიწყო გამოჟონვა. ახლა მთებიდან ეს წყალი გამოედინება მდინარეებად. იმდენი შენაკადი გამოდის, რომ ხალხს წისქვილები აქვს გამართული. რა დიდი ცოდნა უნდა ამას, რომ ეს ნაკადები მთას შიგნიდან შლის და რეცხავს, რაც ადრე თუ გვიან ამ მთის ჩამოშლას გამოიწვევს. მე არ ვიცი, ეს რამდენ წელიწადში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასე მოლოდინის რეჟიმში და გულხელდაკრეფილები არ უნდა ველოდოთ კატასტროფას. დიახ, ეს იქნება ნამდვილად ეროვნული დონის კატასტროფა, ვინაიდან საფრთხე ემუქრება მთლიანად რეგიონს – სამეგრელოსაც და აფხაზეთსაც.

– თუმცა, რამდენადაც ცნობილია, პერიოდულობით იქ სარემონტო სამუშაოები ტარდება...

– თუ იქ არ გაკეთდა ძალიან სერიოზული, გენერალური რემონტი, რაც მინიმუმ ერთი წლით ენგურჰესის გაჩერებას მოითხოვს, რისკები არ შემცირდება. კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. როდესაც მე დავაყენე ეს საკითხი, ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალეკო ხეთაგური მარწმუნებდა, რომ რემონტი გავაკეთეთ, ამდენი მილიონი დავხარჯეთ და ა.შ. მე ვუთხარი, რომ ეს მილიონები არის იმ წყალში გადაყრილი ფული, რომელიც ამ გვირაბებიდან ჟონავს. მხოლოდ უმნიშვნელო და ზედაპირული სამუშაოები ამას არ უშველის. არადა საფრთხე რეალურია და ამას ყველაზე კარგად გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და საკუთარი თვალით ხედავენ, რა ხდება. მთელი ეს სოფლები დამეწყრილია. ქანები ისეთი დარბილებულია, რომ ნებისმიერი რამ შეგიძლიათ თავისუფლად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩაარჭოთ მიწაში.

– საკმაოდ მძიმე სურათი დაგვიხატეთ... თუკი მართლაც ასეა, გამოდის, რომ მოსალოდნელი საფრთხე საკმაოდ მასშტაბურია... 

– საფრთხე არის ძალიან მაღალი. შეგიძლიათ, თავადვე ნახოთ, რამხელა მდინარეები გამოედინება მთის გულიდან. ეს მთა ირეცხება შიგნიდან, რამდენიმე მთა არის ასეთ მდგომარეობაში და ეს რომ ჩამოწვება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. მთლიანად რეგიონს ემუქრება კატასტროფა...

– საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სრული რემონტი... გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოები საჭიროებს ენგურჰესის გაჩერებას, რომელიც ელექტროენერგიით ლამის ნახევარ საქართველოს ამარაგებს... ეს ხომ არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც, გენერალური რემონტი ვერ ტარდება?

– გასაგებია, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, თუ ეს კატასტროფა მოხდა, ამას ვერანაირი მილიონები ვეღარ აანაზღაურებს. ცხრა მეტრნახევრიანი დიამეტრის არის ეს გვირაბი და მაღალი წნევით გადის წყალი. იქიდან გამოდის მდინარეები, არაერთი შენაკადი.  ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს სასწრაფოდ. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა. ეს არის ნაღმი, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება. საფრთხე ელის როგორც ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ისე მთლიანად აფხაზეთს. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ მთის ჩამორეცხვით არაფერი არ ემუქრება რეგიონს, მაშინ კი ბატონო, გავჩუმდები. ვაპირებ, ეს თემა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უფრო აქტუალური გახდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ეს საფრთხე.

„პრაიმტაიმი“ „ენგურჰესის“ დირექტორს ლევან მებონიას დაუკავშირდა. ჩვენ მას ვკითხეთ, იგეგმება თუ არა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბების მასშტაბური რემონტი და რამდენად რეალურია საფრთხე, რომლის შესახებაც ადგილობრივები და ამ დარგის სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აი, რას ამბობს ლევან მებონია:

– 2018 წლის ბიუჯეტში სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა არ ყოფილა გათვალისწინებული. რემონტი 2020 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერი არ ჩატარებულა.

– ამჟამინდელი მდგომარეობა რამდენად კრიტიკულია?

– როგორ გითხრათ? ეს უწყვეტი პროცესია... მაგალითად, თქვენ ხომ მანქანა გყავთ, ხომ არემონტებთ მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც?! ასეა ამ შემთხვევაშიც, პერიოდულად სარემონტო სამუშაოები საჭირო და უცილებელია. 2017 წლის გაზაფხულზე დავცალეთ გვირაბები, დავათვალიერეთ, მოვნიშნეთ სარემონტო ადგილები და გავუშვით ისევ წყალი. 2020 წელს კი ამ მონიშნულ ადგილებზე დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

– რამდენი ხნით გაჩერდება ენგურჰესი რემონტის დროს?

– დაახლოებით სამ თვე-ნახევარი.

– ეს ქვეყნის ენერგომომარაგებაზე აისახება?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პერიოდში მოძიებული იქნება ალტერნატიული წყაროები, რომლებიც ამ დეფიციტს დაფარავს.

– მოსახლეობა, რომელიც მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს და, ასევე, ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს მასშტაბური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ... თქვენ არ იზიარებთ ამ შეშფოთებას?

– სამწუხაროდ, დღეს ყველა ექსპერტი და სპეციალისტია ისე, რომ არაფერში არ უნდა ჩახედვა. კიდევ ვიმეორებ, 2017 წელს მოწვეული გვყავდა 15 სხვადასხვა საინჟინრო კომპანია. ვინც სურვილი გამოთქვა, ყველამ მიიღო მონაწილეობა რემონტის მოცულობის შეფასებისა და პროექტის მომზადების ტენდერში. ამ ეტაპზე ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ რაიმე დაინგრევა, სადგური გაჩერდება, წყალი წაგვლეკავს და ეროვნული კატასტროფა მოხდება, საშიშროება არ გვაქვს. რემონტი, რა თქმა უნდა, საჭიროა. თუ ყურადღებას არ  მივაქცევთ და შესაბამის სამუშაოებს არ ჩავატარებთ, მერე შეიძლება მართლაც მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ ამ ეტაპზე კატასტროფაზე საუბარი გაზვიადებულია.

„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახსენებთ, რომ ენგურჰესი 1970-იან წლებში აშენდა და კავკასიაში ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურად მიიჩნევა. ამასთანავე, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

ენგურჰესი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

ელექტროსადგური, რომელიც დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მდებარეობს და ელექტროენერგიით ორივე მხარეს ამარაგებს, არის ერთადერთი ერთობლივი პროექტი, რომელზეც აფხაზური და ქართული მხარე თანამშრომლობას ახერხებს.

ენგურჰესის სარემონტო სამუშაოები და რეკონსტრუქცია საკმაო ძვირი ჯდება, ამავდროულად, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, როგორ მოხდება ელექტროენერგიის დანაკარგის აღმოფხვრა და რა წყაროებით მოხდება დენის მიწოდების უზრუნველყოფა სამუშაოების წარმოების პროცესში. ამასთანავე, საფრთხის ქვეშ დგება ორივე მხარის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

ამჟამად შეკეთებას საჭიროებს 15,5 კმ სიგრძის სადაწნეო სადერივაციო გვირაბი, რაც ნიშნავს, რომ ენგურჰესი თვეების განმავლობაში ვერ იფუნქციონირებს.

სპეციალისტების თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, გვირაბი წამში 22 კუბურ მეტრ წყალს ატარებს, საიდანაც 10 კუბური მეტრი – თითქმის ნახევარი, დაზიანებული საფარველის გამო, იკარგება.