საპრეზიდენტო არჩევნები 2018

11:07 09-24-2018
139

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

წინასაარჩევნო მარათონის მთავარ ინტრიგად მაინც მეორე ტური რჩება. ოპოზიცია, ისევე როგორც ექსპერტების დიდი ნაწილი, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ახლა გასარკვევი მხოლოდ ის არის, გამარჯვებას „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში იზეიმებს თუ მეორე ტური მაინც შედგება.

და აქ იწყება ყველაზე დიდი დაპირისპირება – ერთმანეთს ნაციონალები და ევროპელები ეჯახებიან. მეორე ტურში გადასვლა ორივესთვის ღირსებისა და არსებობის შენარჩუნების ტოლფასია.

ახლა ისინი დაახლოებით ისეთივე პოზა-პოზიციაში არიან, როგორც თავის დროზე ედპ და მისი განაყოფი სახალხო პარტია იყვნენ. საინტერესოა, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერცერთი მათგანი პარლამენტში ვერ მოხვდა. ორივე მაშინდელ მმართველ პარტიაზე სმკ-ზე ეჭვიანობდა. ირინა სარიშვილი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სმკ სახალხო პარტიასთან იყო გარიგებული და არჩევნებში მას დაეხმარებოდა, ამიტომაც მაშინ საარჩევნო ბარიერის 5%-დან 7%-მდე აწევის ინიციატივით შევიდა. ეგონა, მაღალ ბარიერს თავად გადაახტებოდა, თუმცა, ვერც თავად გავიდა და ბუნებრივია, სახალხო პარტიაც თამაშგარეთ დარჩა. ბარიერის აწევის შემდეგ ასეთივე ეჭვები გაუჩნდა სახალხო პარტიასაც და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ ერთმანეთთან დაუნდობელი ომი წამოიწყეს. ამ ბრძოლაში ორივე დამარცხდა. მათ მაგივრად პარლამენტში მრეწველები მოხვდნენ. ეს კი სხვა ისტორიაა, თუმცა, გარკვეული პარალელების გავლება მაინც შეიძლება.

ახლა „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ნაციონალები და ევროპელები ერთმანეთს ადანაშაულებენ. დანარჩენი ოპოზიცია ცეცხლზე ნავთს ასხამს – ზოგი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ დავით ბაქრაძის სასარგებლოდ იმუშავებს, ზოგიც ფიქრობს, რომ – გრიგოლ ვაშაძის. რეალურად ამ პატარა პარტიების მიზანი, შესაძლოა, მათ შორის კიდევ უფრო მეტი უნდობლობისა და შფოთის დათესვაა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძეს დიდი უპირატესობა აქვს: „ბაქრაძე ვერანაირ შემთხვევაში ვაშაძეს ვერ მოუგებს. ევროპელებს ამის რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნიათ“. თუმცა, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ვაშაძესა და ბაქრაძეს მეორე ტურში გადასვლის ისეთივე შანსები აქვთ, როგორც დავით უსუფაშვილს, კახა კუკავას ან იგივე შალვა ნათელაშვილს.  

აგრესიული და რადიკალური საარჩევნო კამპანია

„ნაციონალურ მოძრაობას“, ტრადიციულად, აგრესიული საარჩევნო კამპანია აქვს. სააკაშვილი ხელისუფლებაზე გაბრაზებული ელექტორატის ხმებს აგროვებს. მას ნამდვილად აქვს ამის სურვილი და ინტერესი. ექსპერტების სკეპტიციზმის მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ მოახერხებს და ნაციონალების ელექტორატს გაზრდის. ამისთვის კი ის მზად არის, გმირები და საუკეთესო ადამიანები უწოდოს მათ, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩარეცხილებს ეძახდა.

ექსპერტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ასეთი რადიკალიზმი და დაპირისპირება საარჩევნო მარათონზე უცხო არ არის და გასაგებია, რომ ნაციონალები, და არამხოლოდ ისინი, ამ მეთოდს მიმართავენ – სათავისოდ იყენებენ ხელისუფლების შეცდომებს.

თუმცა, რამდენად აისახება ეს დაძაბულობა და რადიკალიზმი არჩევნების შედეგებზე? ბოლო დროს ხელისუფლებამ ერთმანეთის მიყოლებით ელექტორატისთვის გაუგებარი ნაბიჯები გადადგა იგივე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის მიმართულებით; სალომე ზურაბიშვილის ფრაზამ კი ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის საერთოდ ლამის სერიოზული კონფრონტაცია გამოიწვია.

 „არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით.

ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გამარჯვების მაღალი შანსები მაინც აქვს:
– გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს დიდი უპირატესობა რესურსების მხრივ, რეალური ალტერნატივა კი არ ჰყავს, სერიოზულ ზიანს ის მაინც ვერ მიიღებს. არა მაქვს იმის განცდა, რომ მათი ოპონენტები წარმატებას მიაღწევენ. მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ნამსხვრევი. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე გადიან, იმის გარეთ წვდომა არ აქვთ. შესაბამისად, ეს სეგმენტი 15%-ს აღწევს, მეტს ვერა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსების ხარჯზე უნდა მოიგოს და არა მხარდამჭერების ხარჯზე, რომელთა რიცხვი ძალიან შესუსტდა.

ხელისუფლების ქმედებები აბსოლუტურად ზღვარს გადასულ სიბრიყვემდე მიდის, ხშირ შემთხვევაში. თუნდაც, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხის წამოწევა... როდესაც წინასაარჩევნოდ რაიმე საკითხს ეხები, ჯერ უნდა დატესტო, ნახო, რა რეაქციები მოჰყვება მას – რა პლუსები აქვს და რა მინუსები.

პარლამენტის გადმოტანას პლუსი პრაქტიკულად არ აქვს. თბილისში ამით ვერავის მოიმატებენ, იმიტომ რომ თბილისელებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქუთაისში კი ნეგატიურად და მტკივნეულად აღიქვამენ.

ხელისუფლების პოლიტიკური ტექნოლოგია არის არაპროფესიონალიზმის ზეიმი. მანამდე მარიხუანის საკითხი იყო, უფრო ადრე – მძღოლების ისტორია... ორივე ამ თემაზე შემდეგ უკან დახევა მოუწიათ. არ გამოვრიცხავ, რომ ქუთაისთან დაკავშირებითაც რაღაც ანალოგიური მოხდეს და თქვან, პარლამენტი აღარ გადმოგვაქვსო. 

ასეთი ტიპის ტექნოლოგიაც არსებობს, როცა არ შეგიძლია, რაიმე პოზიტივის მოტანა, ქმნი პრობლემას და შემდეგ მას თავადვე წყვეტ. ამით ცდილობ წინ წახვიდე. მარიხუანის თემა რომ ავიღოთ, დაიწყო ამაზე საუბარი, მერე – ამაზე მწვავე დისკუსია და შემდეგ ის დღის წესრიგიდან მოიხსნა... საბოლოოდ ბალანსს რომ შევხედოთ, შესაძლოა, ეს უფრო პლუსისკენ წასულიყო. არსებობს ასეთი ტექნოლოგიებიც. თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვი მაქვს, ხელისუფლება ამას არა პოლიტტექნოლოგიური მიზნებით, არამედ არაკომპეტენტურობის გამო აკეთებს.

ასეთია გია ხუხაშვილის შეფასება. მას რამაზ საყვარელიძეც ეთანხმება. მისი მოსაზრებით, რადიკალური და აგრესიული საარჩევნო მარათონი, ხელისუფლების შეცდომების ფონზეც კი, ნაციონალებს გამარჯვების შანსებს მაინც არ უტოვებს:

– ნუ გადავაჭარბებთ ნაციონალების რიტორიკას. აქცენტები, რომლებსაც ისინი თუნდაც კორუფციის ან სხვა ფაქტორების მიმართულებით სვამენ, არ არის ისეთივე სიმძაფრის, როგორიც თქვენ მიერ ნახსენები ციხის კადრები იყო, იმიტომ რომ ციხის კადრები მოულოდნელობა იყო, უჩვეულო იყო, მიუღებელი იყო, კორუფციის რიტორიკას ასეთი უჩვეულობა არ ახლავს. ეს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული გვესმის. ასე რომ, მეეჭვება, ამან რაიმე შედეგი გამოიღოს... თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა არავინ მისცა და ნაციონალებმა გაიმარჯვეს, ხალხი ვაშაძეს მაინც არ მიიღებს და ქუჩაში გამოვა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის ისევ მიუღებელი ძალაა.   

რაც შეეხება მეორე ტურს, მის ალბათობას არცერთი ექსპერტი არ გამორიცხავს. თუმცა, შავი პიარი, რომელსაც ასე აგრესიულად აწარმოებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, რამაზ საყვარელიძის განმარტებით, შესაძლოა, ისევ ნაციონალებისთვის აღმოჩნდეს ცუდი:

– მეორე ტურის ალბათობა არც ისე მაღალია. ალბათობას თვითონ ოპოზიცია ამცირებს. შავი პიარის ამუშავებას ერთი თვისება აქვს: ამომრჩევლისთვის საბოლოოდ ისიც მიუღებელია, ვინც ამ შავ პიარს აწარმოებს და ამ შავი პიარის ადრესატიც. ასე რომ, ამომრჩეველი შესაძლოა, საერთოდ სახლში დარჩეს. რაც ნაკლები იქნება აქტივობა, მით მეტი შანსია, რომ სალომე ზურაბიშვილმა 50%-ს გადააბიჯოს. რაღაცებს დააგროვებენ ნაციონალებიც და ევროპელებიც, ოღონდ თავიანთი რეიტინგის პროპორციულად.

თუმცა, კორუფციისა და სხვა ფაქტორების გარდა, საარჩევნო მარათონზე მოულოდნელად ლამის ეკლესიასთან კონფლიქტმა იფეთქა. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიასთან ხელისუფლების დაპირისპირება ჯერ ამოწურული არ არის და ამან მმართველ ძალას შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს:

– რა თქმა უნდა, ინციდენტი და დაპირისპირება ამოწურული არ არის, თუ ასე გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, მმართველმა ძალამ სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურა მოახსნევინოს, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. დიახ, პირდაპირ ასე, სალომე ზურაბიშვილი გამოვა და იტყვის, რომ კანდიდატურას ხსნის. ეს ყველაფერი სალომეს ფრაზის გამო. 

მის მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

– არა მგონია, ეს თემა გაგრძელდეს, ეკლესიის თემა ამოწურულია, დაპირისპირება მოხდა, თუმცა, ახლა ტემპერატურა დაიწევს, ეკლესია უკვე რბილი ფორმებით დააფიქსირებს საკუთარ შეხედულებას. ხელისუფლებაც ყველაფერს მიხვდა. მოკლედ, ყველაფერი ჩაწყნარდა, თუკი სალომე ზურაბიშვილი სადმე ისევ არ დაანთებს ახალ ცეცხლს.

კანდიდატურის მოხსნას გამოვრიცხავ. გასაგებია, რომ ის „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი თავის ტკივილია, მაგრამ, მეორე მხრივ, მმართველ ძალას უკვე სხვა გზა არ აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას მოხსნის, მაშინ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზრდება, ეს კი „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ასე რომ, ისინი სალომე ზურაბიშვილის მძევლები არიან. სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია და არა გრიგოლ ვაშაძე.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში გია ხუხაშვილი 2012 წელს იხსენებს, როდესაც, ასევე, მაღალი იყო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება, თუმცა, ამბობს, რომ პარალელების გავლება ამ ორ თარიღსა და რეალობას შორის მაინც არ არის მართებული:

– მაშინ, ასეთი აშკარა დაპირისპირება არ ყოფილა. დღეს ბევრად უფრო აქტიური ტალღა მივიღეთ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში დაპირისპირების კატალიზატორად იქცა ხელისუფლების კანდიდატის აბსოლუტურად მოუზომელი და გაუგებარი განცხადებები. მან თქვა, პრეზიდენტი რომ გავხდები, ეკლესიას კუთხეში დავაყენებო, მეორე დღეს გამოაცხადა, მეუფე იაკობს ძალიან დიდ პატივს ვცემ, იაკობი კარგიაო და პეტრე ცუდიაო და, ფაქტობრივად, ეკლესია გაყო კარგებად და ცუდებად. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ არ გვახსოვს, რომ მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთ ჭკუაზე ყოფილიყვნენ. ახლა, ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ...

ექსპერტი რამაზ საყვარელიძეც სალომე ზურაბიშვილს უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას. მისი თქმით, პროგნოზების გაკეთება ამ მარათონზე საკმაოდ მარტივია და ეს განსაკუთრებულ უნარებს არც საჭიროებს.

სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილისთვის კანდიდატურის მოხსნის მოლოდინი ოპოზიციაშიც იყოს. მაგალითად, დავით უსუფაშვილის მომხრეებში. თუკი ამ სცენარს გავყვებით, „ქართული ოცნება“ ნაციონალების კანდიდატის დასაბლოკად მხარს სხვას დაუჭერს, ეს სხვა კი, დიდი ალბათობით, დავით უსუფაშვილი იქნება – ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეიძლება იყოს მათი სურვილი.  

სურვილები ერთია, თუმცა რამაზ საყვარელიძის თქმით, რეალობა სხვა რამეს გვკარნახობს:

– ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ პიროვნებაზე მეტად დიდი მნიშვნელობა პარტიას აქვს. ანუ პარტიული მხარდაჭერა გადამწყვეტია. სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამის მაგალითია. როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ზურაბიშვილს უჭერს მხარს, ოპონენტების მიერ ის აღქმული იქნა, როგორც ძირითადი კონკურენტი და მთელი შეტევა, ბრძოლა გადატანილი იქნება ზურაბიშვილის მიმართულებით. გამოდის, რომ პარტიული მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი. თუ პარტიების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, მაშინ მათ რეიტინგებს შევხედოთ. ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს „ოცნებას“, თუმცა, არა აქვს იმდენი, რომ 50% გადალახოს. მერე მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ „ევროპული საქართველო“. თუ პარტიული გავლენა არის გადამწყვეტი, მაშინ ეს წყობა არჩევნების შედეგებშიც შენარჩუნდება.