რას პასუხობს „გირჩების“ ლიდერი სააკაშვილის ბრალდებებს და რატომ დააკავეს წლების წინათ ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანის საზღვარზე

11:49 09-24-2018
526

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

სააკაშვილის დროინდელ ოპოზიციას საშემოდგომო და საგაზაფხულო აქციების ჩატარების ტრადიცია ჰქონდა. არცერთი წელი არ ჩაუგდიათ, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომას ქუჩის აქციებს აგორებდნენ. თუმცა, სანამ სააკაშვილს მმართველობის 2 ვადა არ ამოეწურა, ვერტიკალს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.

ახლა სააკაშვილი საკუთარი თავისგან თავისებურ მითოლოგიურ გმირს ქმნის. ყოველი არჩევნების წინ, ტრადიციულად, ის დამაჯერებელი და პრინციპული, ასევე, უშიშარი ტონით აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდება, რათა ხალხი უსამართლობისგან და შეჭირვებისგან იხსნას.

მისი მითის განუყოფელი ნაწილია, ასევე, იმის მტკიცება, როგორ უღალატა მას გარემოცვამ, რა მწარე გაკვეთილი მიიღო, როგორ გამდიდრდნენ ისინი ყველა და როგორ დარჩა თავად ხალხის სამსახურში, რომლის გადასარჩენადაც ახლა ჩამოვა. 

რამდენჯერმე დაიმუქრა, მოღალატეებსა და მოქრთამულებს დავასახელებ და დოკუმენტებიც მაქვსო, თუმცა, ტრადიციულად, ეს მხოლოდ ცარიელი მუქარა იყო. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის მთავარი სამიზნე „ევროპული საქართველო“ იყო – მათ პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს; ახლა საპრეზიდენტო მარათონის დროს „გირჩების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა:

„ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ფული მისცა [ბიძინა ივანიშვილმა], რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის, რომ ვითომ ზურა ჯაფარიძე წავიდა, თავის ფეხით საკონსტიტუციოში და მოიგო რაღაც საქმე – ეს ყველაფერი არის ბლეფი“.

რას პასუხობს ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილს. რატომ გაახსენდა ექსპრეზიდენტს „გირჩების“ ლიდერი ახლა, რა ტაქტიკა აირჩია მან წინასაარჩევნოდ და რატომ დააკავეს წლების წინათ აზერბაიჯანის საზღვარზე? ამ საკითხებზე „პრაიმტაიმს“ ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა:

– ბატონო ზურაბ, პირდაპირ გკითხავთ, რამდენი დააფასეთ საკუთარი თავი, რა დაჯდა თქვენი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოყვანა?

– დღეს უკვე ნათელია ამ კითხვაზე პასუხი. ბევრი სხვადასხვა სახის პრობლემა იყო, რატომაც წამოვედი, მათ შორის მთავარი მიზეზი პირდაპირ სააკაშვილს უკავშირდებოდა. დღეს თუ ვინმე შეხედავს, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი და რა განცხადებებს აკეთებს, საერთოდ რა წარმოდგენები აქვს მას ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყნის მომავალზე, მემგონი, მათთვისაც ნათელი და გასაგები გახდება ჩემი წამოსვლის მიზეზები. ეს მიზეზები მან უკვე გამოიტანა სააშკარაოზე, მე კი დავინახე მაშინ, როცა შიგნით ვიყავი. მიზეზიც ეს იყო.

რაც შეეხება თანხას, ეს რეალობას არ შეეფერება.

– ასეთივე ბრალდებები მისი მხრიდან არაერთხელ გაისმა, თუმცა, ეს უფრო „ევროპელებისკენ“ იყო მიმართული. ახლა, წინასაარჩევნო პროცესში რატომ ჩათვალა მან საჭიროდ, თქვენი სახელი და გვარი დაესახელებინა?

– ეს უკავშირდება მის ოპორტუნისტულ ხასიათს. მან ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც თანხმობაში არ მოდის კი არა, რადიკალურად განსხვავებულია იმ  კურსისგან და ხედვებისგან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატარებდა. სინამდვილეში ეკონომიკურ პოლიტიკაში რაც ხდებოდა, ბენდუქიძისგან მოდიოდა, მისი დამსახურება იყო და არა სააკაშვილის.

ახლა ის ბანკების მიმართ მარქსისტული კრიტიკით გამოვიდა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მისი მხრიდან ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს.

ახლა უკვე ჩათვალა, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადავიდეს და  რაღაცნაირად ააგდოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აზროვნების უნარი აქვს დაკარგული... მათ შორის, ფიქრობს, რომ შანსი აქვს, ჩაეხუტოს და დაუახლოვდეს საპატრიარქოს... ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს – ტრუსიკიდან არის  ამომხტარი როგორც თვითონ, ისე მისი საპრეზიდენტო კანდიდატი. უკვე ათას სისულელეს ამბობენ.

მათ შორის იმას, რომ მოხდება ქვეყნის ავღანიზაცია, თითქოს ავღანეთში ლეგალური იყოს მარიხუანა – 70 წლიდან იქ ყველანაირი ნარკოტიკი აკრძალულია. კოლუმბიას ადარებს... სისულელეებს ამბობს. საუბრობენ, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ყველანაირი ბალახის მოყვანა, რომელიც შეიძლება ნარკოტიკების მიზნით გამოიყენებოდეს, იყოს აკრძალულიო, რაც ჩვეულებრივი ბოდვაა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ნარკოპოლიტიკა არის ჩემი და „გირჩის“ მნიშვნელოვანი ხაზი, ჩემ მიმართ  ბრალდებები სწორედ ამას მოაყოლა, უბრალოდ, ხურდაში. არა მგონია, სააკაშვილს ჩემთან პირადი დაპირისპირება აინტერესებდეს.

უბრალოდ, თავისი ბოდვითი კონტექსტი აქვს წარმოდგენილი და ფიქრობს, შეიძლება საპატრიარქოს და მათ შორის, სხვადასხვა ფაშისტური ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვოს...

– ეს სწორი ტაქტიკაა?

– არა, ჩემი აზრით, მას დაკარგული აქვს რეალობის განცდა, არ ესმის, რა ხდება ამ ქვეყანაში, წარმოდგენაც არა აქვს. ეს იმის ბრალია, რომ წლებია უკვე აქ აღარ ცხოვრობს და წარმოდგენები უყალიბდება ფეისბუკზე დაკვირვებით. ასევე, დიდი ალბათობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის მიმართ განწყობილი ლოიალური პირებიდან მიწოდებული ინფორმაციით, რომლებიც მათ შორის არის მცდარი, შესაბამისად, აცდენილია რეალობას.

– მას ატყუებენ?

– შესაძლოა, მათაც ასე სჯერათ. მათთვის სააკაშვილი არის ერთადერთ იმედი, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ გაძლიერდება, პარტიის მხარდამჭერების 100 პროცენტივე სწორედ მიშაზე მოდის. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, სააკაშვილი მუდმივად ჰყავდეთ რაღაცა სტიმულების ქვეშ: ახლა თუ ასე ვიზამთ, ასე მოხდება ან ისე მოხდებაო, ეუბნებიან. და ისიც გადაერთო ამ რაღაც ულტრანაციონალურ, ფაშისტური რომ არ დავარქვა, რელიგიურ ფუნდამენტალიზმში.

– როდისაა ხოლმე სააკაშვილი გამწარებული და გაწიწმატებული – როცა გრძნობს, რომ აგებს თუ პირიქით?

– არა, არ დაიჯეროთ, რომ ის გამწარებული ან გაწიწმატებულია. არანაირად, არ დაიჯეროთ. ეს როლია, რომელიც მას ახლა აქვს მორგებული და ფიქრობს, ამით ითამაშოს მოსახლეობის რაღაც ნაწილზე, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად არის ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული იგივე ნარკოპოლიტიკის გამო. თუმცა, ესეც ტყუილია, იმიტომ რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შესული, სინამდვილეში, სულაც არ ისახავს მიზნად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. მაგრამ სააკაშვილმა, რადგანაც ხალხი გაღიზიანებულია, ჩათვალა, რომ ამ მუხტს უნდა დააჯდეს და ეს როლი ითამაშოს – ვითომ ძალიან გაბრაზებულის, გადარეულის და ქვეყნის მომავალზე მზრუნველის. ფიქრობს, რომ უფრო მეტად დამაჯერებელი იქნება, თუ ტრუსიკიდან ამოხტება, ზღაპარია...

– სააკაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე, როგორ იშოვა მისმა გარემოცვამ ფული და თავად როგორ დარჩა იმავე ქონების ამარა, რაც ადრე ჰქონდა...

– წარმოდგენა არ მაქვს მის ფინანსებზე, ერთადერთი ვიცი, რომ არ ცხოვრობს როგორც ღარიბი. როცა მასთან მქონია შეხვედრა, ის ცხოვრობდა ფეშენებელურ, ძვირად ღირებულ სასტუმროებში. არ ვიცი, საიდან და როგორ. არ ცხოვრობს ღარიბულად, ამის თქმა შემიძლია.

– პირველი შემთხვევა არ არის, როცა შენი სახელი და გვარი ფულს დაუკავშირდა. მახსოვს, შენ და ირმა ნადირაშვილი გაგაჩერეს აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა და მაშინაც დიდი ოდენობის ფულზე იყო საუბარი...

– რაც გაჟღერდა აქ და რაღაც მილიონებზე იყო საუბარი, არის სრული სისულელე. ტყუილები ააგორეს, რაღაც ელექტროშოკებზეც იყო საუბარი, მახსოვს... ტყუილი იყო, რაც ააგორეს... მებაჟემ მართლა გამაჩერა ფულის გამო, ეს ჩემი კი არა, პარტიის ფული იყო, საკმაოდ ცოტა თანხაზეა საუბარი. სანამ ვითარებაში გაერკვეოდნენ, სხვა ტერმინალში გადაგვიყვანეს, ამასობაში რეისზე დაგვაგვიანდა, მეტი არაფერი ყოფილა... არაფერი უკანონო არ მომხდარა.