პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი

16:00 09-24-2018
196

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, შეწყალების კომისიის წევრი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს-პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას ვერ მოასწრებს.

როგორც ეკა გიგაურმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, კომისიამ მუშაობა წინა კვირას დაასრულა და ვანო მერაბიშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. 

"არ მგონია ამ პრეზიდენტის ვადაში კომისიის შეკრება მოხდეს. არ მგონია მოესწროს. შემდეგი სხდომა როდის ჩაინიშნება მხოლოდ პრეზიდენტმა იცის, რადგან ის ნიშნავს სხდომებს. გასულ კვირას დაასრულა კომისიამ მუშაობა და მერაბიშვილის საკითხი არ გამოსულა. ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა, მას კი ნებისმიერ დროს შეუძლია შეიწყალოს პატიმარი კომისიის გარეშეც", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.