ხადის ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს, დღეს საზარელი შემთხვევის ადგილას ჩაიყვანენ.
როგორც პრაიმტაიმს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დღეს ჯერ ციხეში მისცემს ჩვენებას, მოგვიანებით კი ერთად გაემგზავრებიან ხადის ხეობაში, რათა შემოწმდეს, რამდენად რეალურია მის მიერ მიცემული ჩვენება.
დღეს ჩვენებას მოგვცემს ციხეში, დღის მეორე ნახევარში კი გავემგზავრებით შემთხვევის ადგილას და გავარკვევთ რამდენად რეალური მის მიერ მოყოლილი ინფორმაცია. დაცვის მხარე მომავალში ასევე ვგეგმავთ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, შეეძლო თუ არა ამ მონაცემების მქონე ადამიანს გვამების გადაადგილება - განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა უკვე გახმაურდა. მათ შორის, ერთ-ერთი დასკვნით დადასტურდა, რომ მალხაზ კობაურს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და ჯანმრთელია.
ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია, რომ ლორა სმიტი სიკვდილამდე ძალადობის მსხვერპლი იყო.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას ედება ბრალად, 1998 წელს დაბადებული, 19 წლის მალხაზ კობაურია.
ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.