,,სააკაშვილმა დაიწყო ეს ომი“- ბურჯანაძის ინტერვიუ რუსულ "პირველ არხთან"

12:51 09-25-2018
341

,,იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე ივანიშვილის ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში და დაიწყო ეს ომი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში. 

ნინო ბურჯანაძემ საქართველოში დასავლეთის გავლენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შედეგები კი ისეთია, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს სურს.

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს.

 პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა,“-ამბობს ბურჯანაძე.