ვინც ეს ფირი გაავრცელა, ჩხარტიშვილთან უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდება - ზაზა ხატიაშვილი

18:09 09-25-2018
287

პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიას'' და "ომეგა ჯგუფის'' გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა. 

როგორც მისმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა "პრაიმტაიმთან" აღნიშნა, აუცილებელია დადგინდეს ვინ და რა მიზნით დაამონტაჟა ფირი. 

"შაბათს ვიყავი გამოკითხვაზე. ვანო ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ეს იყო მონტაჟი და სახელმწიფოსგან მოითხოვა, რომ პროკურატურისგან გამოეთხოვათ და ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. დადგინდებოდა, რომ ეს მონტაჟი იყო, მაშინ ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დაადგინოს პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა სად მოხდა ამ ფირის დამონტაჟება. თუ ამას არ დაადგენდნენ, გამოდის, რომ ჩვენ გამოძიება საერთოდ არ გვყავს. ჩვენ გვინდა დადგინდეს ვინა დაამონტაჟა და რა მიზნით. რა კითხვასაც გვისვამდნენ, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს იყო მონტაჟი. არანაირი ახსნა- განმარტება არ გვაქვს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მონტაჟია და როცა ეს დადგინდება და ეს ფირი ვინც გაავრცელა ჩხარტიშვილთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდება და ბოდიშის მოხდა მოუწევს. მე მარტო ჩხარტიშვილს ვიცავ და დანარჩენ მათგანთან შეხება არ მაქვს. სახელმწიფომ ექსპერტიზა რომ არ ჩაატაროს, ჩვენ მაგისიც გვეშინია'', - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა 17 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიას" და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის გვარებიც ფიგურირებს. ამ ჩანაწერში სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

 

 

თათია ცუკოშვილი