"ზაზა ოქუაშვილი პრაქტიკულად საკუთარ დანაშაულზე საუბრობს, ისიც უნდა დაიჭირონ, პეტრეც და პავლეც, თუ დანაშაულის მონაწილეები არიან..." - ირაკლი კობახიძე

10:58 09-26-2018
80

“ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესი ისეთივე “მძიმე სკანდალია“ “ქართული ოცნებისთვის“, როგორი “მძიმე სკანდალიც“ “ბასიანის“ ოპერაცია იყო - პირიქით, ჩვენ ვართ საქმის გამოძიებით მაქსიმალურად დაინტერესებული.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. 

"ჩანაწერებში ორ-ორი ადამიანი საუბრობს და მათგან არც ერთს “ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს. რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი და რა სკანდლზეა საუბარი?! ზაზა ოქუაშვილი ვიღაცებს ელაპარაკება, რომელთაგან არც ერთს “ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს. როცა ოქუაშვილი ლაპარაკობს, ის პრაქტიკულად საკუთარ დანაშაულზე საუბრობს. გავარკვიოთ, რა დანაშაული ჩაუდენია ზაზა ოქუაშვილს, როცა ვიღაცას ფულს უხდიდა. ოქუაშვილიც უნდა დაიჭირონ და პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის მონაწილე. გამოდის, რომ ოქუაშვილი საკუთარ თავზე ამბობს, თუ ვინმეს ფულს აძლევდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.