„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი დავით სუბელიანი არ ეთანხმება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაისის აქციები, რომელიც პოლიციის მიერ კლუბ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ დარბევას მოჰყვა, პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ემსახურებოდა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული მარიხუანას ლეგალიზების შესახებ კანონპროექტის მიღებას და ბოლო დროს გაჟღერებულ ინიციატივას საქართველოში მარიხუანას კულტივირების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით სუბელიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე „შვილმკვდარი მამების“ აქციაზე "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და აქციისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.
„არ არის ეს ასე, ეს ყველამ იცის. პირიქით, იყო იმ აქციზე ასეთი სასაცილო მომენტი- ზურას უნდოდა სიტყვით გამოსვლა და არ მიეცა ამის საშუალება. ის, რომ ზურა ჯაფარიძე და მისი პარტია იბრძვიან იმ თემის ორგვლივ, რომელიც გადაკვეთაშია ჩვენს ინტერესებთან, იმ თემებთან, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, არ ნიშნავს, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული აქცია. ეს იყო კოალიციური აქცია "ბასიანის", „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ და რამდენიმე ორგანიზაციის და უბრალოდ იყო სახალხო მოვლენა, სადაც ჩვენ ბევრს არ მივეცით ტრიბუნა“, - განაცხადა დავით სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისის ღამეს კლუბ „ბასიანსა“ და „კაფე გალერი“-ში პოლიციამ ნარკორეალიზატორების დაკავების მოტივით სპეცოპერაცია ჩაატარა, რასაც რასაც რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა.