არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოდიან, - ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ბრალდებულების სახაზინო ადვომატმა განაცხადა, მისთვის უცნობია თუ სად იმყოფებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფები.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.