რომან კაკულია პარტიის შესაძლო დატოვებას არ ადასტურებს

14:16 09-28-2018
121

თუ ასეთი რამ ჩემს გუნდში ხდება, მე არ მინდა იმ გუნდის წევრობა, - უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას ამ განცხადებამ, რომელიც მან კურიერის ეთერში გააკეთა, კითხვები გააჩინა.

პრაიმტაიმი დაუკავშირდა რომან კაკულიას, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს და მის ამ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. 

ჩემი გამონათქვამის ბოლო იყო ასეთი, რომ თუ დადასტურდა, რომ ასეთ მძიმე ფაქტებს ადგილი ჰქონდა ჩემი მმართველობის დროს სახელმწიფო მოხელეებისგან, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ გუნდის წევრად. ეს ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება, უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა რასაც გეუბნებით და სამწუხაროდ, ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულია ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება. 

კერძოდ; საქმე ეხება ბიზნეს წილების გადანაწილებას და კონკრეტული თანხების ოცნების ბიუჯეტში გადარიცხვას. გარდა ამისა საუბარია რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ ომეგა ჯგუფისთვის პრობლემების მოგვარებაზე და ტელეკომპანია იბერიის დათმობაზე. ჩანაწერებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე