მიშა სააკაშვილმა რომ მოგიხსენიაო, რა გაგიხარდაო? რა თქმა უნდა, გამეხარდა - თაკო ჩარკვიანი

21:00 09-29-2018
289

საქართველოს, ჩვენს ქალაქს არც ერთი პრეზიდენტის არჩევის დროს არ შეშლია, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ზვიად გამსახურდიას სახელი უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობას.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ასევე სწორი იყო ედუარდ შევარდნაძის არჩევა, რადგან იმ პერიოდში ხალხი ფიქრობდა, რომ მისი სახით პატრონი გამოუჩნდა ქვეყანას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ მისი არჩევაც სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ქვეყანა წინ წაიყვანა.

„პირველი პრეზიდენტის არჩევის დროს, ეს იყო სწორი, რადგან მისი სახელი და გვარი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას და ის იყო ზვიად გამსახურდია, რომელთანაც ჩემს ოჯახს პირადად უდიდესი ურთიერთობა აკავშირებდა, ვიდრე 90-იანებში ის უბედური ძალა, რომელიც ახლა გორთან დგას, არ ჩაერია და ერთმანეთი არ დაგვახოცინა შუა რუსთაველზე.

შემდეგ მეტყვით, ალბათ, ედუარდ შევარდნაძე. დიახ, სწორი იყო, რადგან უკვე შეცდომა მომხდარი იყო, ქალაქი გაუბედურებული, გადამწვარი და თბილისელებმა ფიქრი დაიწყეს, რომ იქნებ, საერთაშორისო არენაზე ვინმე პატრონი გამოგვიჩნდესო და ცხადია, მაშინ მოცემულობა იყო ედუარდ შევარდნაძე და სწორი არჩევანი გაკეთდა.

მას შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილი, დიახ, სწორი არჩევანი იყო. უდაოდ სწორი არჩევანი იყო, წინ წავიდა ქვეყანა თავისი ინსტიტუციებით, აღმშენებლობით, განსაკუთრებით პირველი ოთხი წელი, დანარჩენზე მე წეღან მოგახსენეთ, აღარ მსურს ამაზე საუბარი, აბა, ისე ხომ არ ვიქნებოდი ოპოზიციაში, რამე რომ არ მაწუხებდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მისი სახელი მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი გამოსვლისას აღნიშნა, რამაც ძალიან გაახარა.

„არ შემიძლია ჯაბანივით ამ თემას გვერდი ავუარო. ამას წინათ მითხრეს, მიშა სააკაშვილმა რომ მოგიხსენიაო, რა გაგიხარდაო? ოპონენტი მეუბნება, ძალიან კარგი ადამიანი. აბა რა, რა თქმა უნდა, გამეხარდა, რადგან სხვისი კი არა, ჯერ შენი შეცდომები უნდა გააანალიზო და როდესაც ორმხრივად ხდება შეცდომების გაანალიზება, ეს არის ნიჭი და ეს არის შენი ქვეყნის სიყვარული.​ ორმხრივად მეთქი ვამბობ, რადგან ხალხში დამნაშავე არასდროს არის ერთი მხარე, გამორიცხულია, ამას უნდა შევეჩვიოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.