ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
ეს პირველი არჩევნები არ არის, რომელიც თავისი შინაარსითა და განწყობით რეფერენდუმს ჰგავს.
პირველად, ასეთი არჩევანი-რეფერენდუმი 1991 წელს ჩატარდა და მოსახლეობამ უარი უთხრა საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ;
მეორედ, არჩევნები რეფერენდუმს უკვე 2003 წელს გაუტოლდა. მაშინ წითელი ხაზი გაივლო მოძველებული მართვის სტილსა და განახლებას შორის. ვარდების რევოლუციამ ქვეყანა განახლების მხარეს დააყენა.
ახლაც ეს არჩევნები რეფერენდუმს ჰგავს. თუმცა, არჩევანი პრორუსულ და პროდასავლურ ხედვას ან ძველი და ახალი მმართველობის სტილს შორის კი არ არის, არამედ რევანშსა და სტაბილურ განვითარებას შორის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც მოვლენების რევოლუციურ განვითარებას აანონსებს. ნაციონალების ელექტორატს რატომღაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა ანთებს.
არადა, კონსტიტუცია მოვლენების ამგვარად განვითარებას სრულად გამორიცხავს. პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს, ეს მისი საქმე და კომპეტენცია არ არის. ასეთი ჯადოსნური ჯოხი ხელში არც გიორგი მარგველაშვილს ეჭირა. ბოლო, ვინც ამ მაგიურ ძალაუფლებას ფლობდა, ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი გახლდათ.
იურისტი ლევან ალაფიშვილის განმარტებით, შეუძლებელია, პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი, ასეთი სცენარი გამორიცხულია.
კონსტიტუციონალისტის, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის სამართლებრივ საკითხებში თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით:
„პარლამენტი თვითონ მიდის კრიზისამდე და შემდეგ დაითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს. ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რომ ისეთი სამთავრობო კრიზისი შეიქმნას, რომ მმართველმა ძალამ ვერ შეძლოს მთავრობის ფორმირება. პრემიერ-მინისტრი გვყავს და არაფერი შემიტყვია იმის თაობაზე, რომ ვინმე რამეს აპირებდეს.
არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი – ორი წელი და არა მგონია, რამე დიდი ცვლილებები მოხდეს. მიუხედავად ამისა, ეს სიტუაცია რომც შეიქმნას, მმართველ ძალას აქვს ხმების ის რაოდენობა და რესურსი, რომ თავისუფლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება“.
ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ადრე კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი პარლამენტს ორი მიზეზით დაითხოვდა: ვერ დაამტკიცა მთავრობა და ვერ მიიღო ბიუჯეტი. ახლა ბიუჯეტი ამოღებულია, თუმცა, ბერკეტად ის მაინც რჩება, რადგანაც, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაშიც შეიძლება კრიზისი დადგეს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეთ.
– თუმცა, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში ალაფიშვილი, – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე თავადვე ჩაწერა კონსტიტუციაში ფრაზა, რომელიც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და ინაუგურაციიდან ექვსი თვის ვადამდე ადრე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კრძალავს. ასე რომ, პროცედურულადაც კი ვერ მოესწრება ეს ვერანაირად. ვადამდელი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით ვერც მოესწრება.“
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი მუდმივად ყველა შეხვედრაზე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება?
და თუკი კონსტიტუცია ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს, როგორღა აპირებს ის არჩევნების დანიშვნას? რაც, თავისთავად ცხადია, კონსტიტუციიდან გასვლასაც გულისხმობს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ნაციონალების გამარჯვების შანსებს საერთოდ არ განიხილავს, თუმცა, თუკი თემას მაინც თეორიის ჭრილში განვიხილავთ, მოვლენები შესაძლოა ასე განვითარდეს: „გრიგოლ ვაშაძე შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში და პროცესებს რევოლუციისკენ წაიყვანს“.
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, ფილარმონიაში, განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მეორე ნაბიჯი იქნება.
გია ხუხაშვილის განმარტებით, სააკაშვილის დაბრუნების პირობებშიც კი სწორი პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით და სწორი თამაშით ამ ხელისუფლებას შანსი აქვს, თუმცა: აქ მხოლოდ ის არის გასარკვევი, ჰყავს კი „ქართულ ოცნებას“ ასეთი ძლიერი მოთამაშე? ერთი ტყლაპოდან მეორეში ხტებიან. მიშას ჩამოსვლის პირობებშიც კი ხელისუფლებას შეუძლია მოგება, მაგრამ ამისთვის მან რეაბილიტაცია უნდა მოახერხოს. კორუფციის პრობლემა გაჩნდა და ეს ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვს“.
ნაციონალები ჯერ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა, თუმცა, ახლა დრომ ისევ გადაიწია – მის ჩამოსვლას უკვე არჩევნების დღეს ელიან.
2012 წლის შემდეგ ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე სააკაშვილის დაბრუნება ნაციონალების საფირმო ნიშანი იყო.
ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები მაინც ძალიან განსაკუთრებული და განსხვავებულია:
„ეს არჩევნები უნიკალურია 2 ძირითადი მიზეზით: 1) არცერთხელ საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი, რისი სიმპტომიცაა „გადაუწყვეტელთა“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და 2) არც ერთხელ 1991 წლის შემდეგ, როდესაც პირველად ავირჩიეთ პრეზიდენტი, ძირითად და არსებით კანდიდატებს შორის არ ყოფილა ესოდენ კარდინალური სხვაობა ღირებულებით და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენის შეფასების თვალსაზრისით. განსხვავებები წინა არჩევნებზეც იყო. მაგრამ ალტერნატიულ აზრებს ხშირად მარგინალური პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ და არა სერიოზული კანდიდატები. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც გამოცდილმა და ჭკვიანმა პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის, რომ, თუ დავით ბაქრაძე ამ არჩევნებზე უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე, ეს სერიოზულად შეუშლის ხელს 2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე“.
ვადამდელი არჩევნები თეორიულად რომც დაინიშნოს პარლამენტში, მოვლენები სწრაფად უნდა განვითარდეს. მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, უბრალო უმრავლესობა უნდა დაკარგოს.
ახლა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარ სჭირდება. მან კონსტიტუცია უკვე მიიღო, ასე რომ 110 ხმა – სწორედ ეს რაოდენობაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებისთვის – მას აღარ სჭირდება; აღარ სჭირდება უკვე არც 100 ხმა ორგანული კანონის მისაღებად – საარჩევნო კოდექსშიც შევიდა ცვლილებები. ახლა მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ 76 დეპუტატი, ანუ უბრალო უმრავლესობა. თუმცა, მმართველი ძალა ორგანული კანონის მისაღებად საჭირო რაოდენობამდეც კი არ დავა – დარწმუნებულები არიან ექსპერტები.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის ეს არჩევნები მართლაც არის ბრძოლა გადარჩენისთვის. უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის სხვა ყველა ქვეყნის პოლიტიკური ველი დახურულია, შესაბამისად, დაბრუნება მისთვის აუცილებელია.