"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს" - "ქართული ოცნება"

12:10 10-01-2018
72

"ქართული ოცნების" განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს.

პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნული განცხადება საზოგადოებას პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.