"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველმა გუნდმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მათ ყველა იმ ბრალდებას უპასუხეს, რომელიც ოპოზიციას გააჩნია.
"ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მიმდინარე ე.წ ახალი ამბები და ე.წ პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ ერთ დიდ და ფალსიფიცირებულ მოდელირებულ ქრონიკად გადაიქცა. "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობაზე სპეკულირებით, რაც განსაკუთრებულად უღირსი საქმეა, ისინი ამაოდ ცდილობენ "ქართულ ოცნებას მიაწერონ ის იარლიყი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნიშანია.
ამ პირობებში, "ქართული ოცნება" გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს სად არის სიმართლე და სად ტყუილი.
"ქართული ოცნების მიერ" მხარდაჭერილ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ, თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი მოქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს. რომ არა პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ ჩვენს გმირებს მიწასაც ვერ მივაბარებდით. მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს. მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს, საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს, პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა. ხოლო, ბოლშევიკური ოკუპაციის გამო, ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს - სალომე ზურაბიშვილს, მოღალატეობა დასწამა" - განაცხადეს პარტიის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.