გამომძიებელი რომ ვიყო, დავინტერესდებოდი ყიფიანის მდგომარეობით - გია ვოლსკი

13:39 10-01-2018
93

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი თვლის, რომ "ომეგა ჯგუფის" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საეჭვო განცხადებები გააკეთა. 

მისი თქმით, ოქუაშვილი თვითონ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოძიებისთვის დამატებითი კითხვები გააჩინა და კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდება.

„ზაზა ოქუაშვილს ერთადერთი რაც შეიძლება თქვას, რომ მისმა დირექტორებმა გაიტანეს ფული და დაკარგეს, რის შესახებაც მან ორი დღის შემდეგ გაიგო. ამ დაკარგვაში ადანაშაულებს ადამიანებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ მათთან, ვინც თითქოსდა ჩაიწერა. ჩაწერაც უკანონოა, გავრცელებაც უკანონოა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, თუ დადასტურდება 4 მილიონის გამოძალვა, ეს უკანონობა იქნება თუ არა, გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს არანაირი ლოგიკით არ დადასტურდება.

„როგორც იტყვიან ვა-ბანკზე წავიდა და პრაქტიკულად ისეთ აღიარებებს აკეთებს, რომ მან უნდა გაიმარჯვოს ბრძოლაში, რასაც აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. გამოძიებას ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდა და ახლა უფრო მეტი გააჩინა, ამ აბდა უბდა ლაპარაკის შემდეგ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ლევან ყიფიანის საკითხს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ რაც ყიფიანი თანამდებობიდან წავიდა, მასთან ურთიერთობა არ ჰქონია.

„გამომძიებელი რომ ვიყო, დავინტერესდებოდი ყიფიანის მდგომარეობით. ლევანი რაც წავიდა თანამდებობიდან მასთან ურთიერთობა არ მქონია და არც რომელიმე პარტიულ შეკრებაზე მინახავს, ასპარეზზე არ გამოჩენილა არასდროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.