„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხეს, რომ შს ყოფილი მინისტრი, შესაძლოა, რაიმე ნივთიერებით მოეწამლათ. კონსპირაციული თეორიის სხვა რაიმე დეტალი შემოთავაზებული არ ყოფილა. თუმცა, სკანდალისთვის, ისიც წინასაარჩევნოდ, ეს საკმარისი იყო.
ნაციონალების ხმაურიანი განცხადებებისა თუ მინიშნებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თხოვნით მიმართა და ციხეში ვანო მერაბიშვილთან შესვლა ითხოვა. ირაკლი კობახიძემ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. „პრაიმტაიმთან“ საუბარში გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ის სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს:
„ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა მართლაც რთულია, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი“.
პარლამენტის თავმჯდომარეს იგივე მოთხოვნით კიდევ ორმა დეპუტატმა მიმართა. ეს არიან თინა ბოკუჩავა და ხათუნა გოგორიშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ადრე ვანო მერაბიშვილი ციხეში ნიკა მელიამ და თინა ბოკუჩავამ მოინახულეს. ჩვენი ინფორმაციით, ბოკუჩავა შს ექსმინისტრთან შესვლას ამ დღეებშიც გეგმავს, თუკი ირაკლი კობახიძე მის მოთხოვნას მსვლელობას მისცემს.
რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილს, „პრაიმტაიმთან“ საუბარში მან დაადსტურა ის ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძეს შესაბამისი თხოვნით მიმართა და უახლოეს დღეებში მას ციხეში ნახავს.
ექსპერტების განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მერაბიშვილის მოწამვლაზე მინიშნებები იაფფასიანი საარჩევნო ტრიუკია, რომელსაც ნაციონალებმა მხოლოდ მათი პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო მიმართეს. „ცხადია,მათ სურთ, გამოიყენონ ყველა ნეგატივი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და არჩევნები ასე მოიგონ“, – განმარტავს ლევან ალაფიშვილი.