ვინ ვის იწვევს დებატებში? - უსუფაშვილმა ბაქრაძე დააიგნორა, ზურაბიშვილმა – „გირჩები“

14:01 10-01-2018
215

არავინ იმჩნევს თუმცა, დებატებში ყველას მაინც სალომე ზურაბიშვილთან სურს საკუთარი ძალების მოსინჯვა. უფრო ზუსტად, მისი დამარცხება და ამომრჩევლისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი უფრო ძლიერები, უფრო გავლენიანები და ღირსეულები არიან.

ბევრი რომ არ ეკეკლუცათ, სალომე ზურაბიშვილმა ისინი თავად გამოიწვია დუელში:
„გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„შავი ძალის ორ სახეში“ მან გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე იგულისხმა. აი, დავით უსუფაშვილი საერთოდაც ყურადღების მიღმა დატოვა. არადა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დუელში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გამოიწვია. მან დავით ბაქრაძე დააიგნორა. როგორც ჩანს, უსუფაშვილს მის კოლეგებზე, მით უფრო, თუ მათ რაიმე წარმატება ჰქონდათ, ცუდი წარმოდგენები აქვს. 

გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ზურაბიშვილის გამოწვევა მიიღეს:
„სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გასეირნება. რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც დიპლომატი, არც ქართველი არაა. ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შემხვდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს ყველა შემთხვევაში, ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა ინიციატივით გამოდის და რით გვემუქრება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მეტსაც გეტყვით, დებატები უნდა გაიმართოს არა მითიურ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც მზად იქნება, უმასპინძლოს დებატებს. დებატისთვის მზად ვართ, არანაირი გამოწვევა არ მჭირდება, დიდი ინტერესით ველოდები ამ დებატს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება, რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილისთვის არ აპირებს მხარდაჭერას“, – განაცხადა ბაქრაძე.

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დებატებისთვის ნებისმიერ – მითიურშიც და არამითიურშიც –  ფორმატში, ნებისმიერ კანდიდატთან მზად არის. თუმცა, ის არ მალავს, რომ უფრო მეტად, სალომე ზურაბიშვილთან დებატები აინტერესებს.  

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ დებატებში „ნაციონალური მოძრაობა“ და დავით უსუფაშვილი გამოიწვია.

თემურ შაშიაშვილი დებატებში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს სთავაზობს.

პრეზიდენტობის კანდიდატები მიხეილ-გელა სალუაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და გიორგი ლილუაშვილი უკვე შეთანხმდნენ დებატებზე, რომელიც გაიმართება პირველ არხზე, ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22.00 საათზე.