კრიზისი ამ შემთხვევაში მთავრობას კი არა "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს... მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კრიზისი აქვს "ომეგა ჯგუფსაც" - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
"ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი, თუმცა კიდევ ერთხელ გავაკეთებ და მათ შორის, უფრო მკვეთრსაც. რეალურად ეს არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ომეგა ჯგუფის" დადგმული სპექტაკლი, ინსცენირება. ამ შემთხვევაში რაღაც პროცესებს რეალობაში ჰქონდა თუ არა ადგილი, არავინ არ იცის. ყველა ეს ადამიანი არის ყოფილი თანამდებობის პირი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი საუბრები არ გააჩნდათ იმ პერიოდის, როცა ისინი იკავებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობას. შესაბამისად, ჩვენ ვისმენთ რაღაც კერძო საუბრებს.
გუშინ ვნახე ბრიტანელი საექსპერტო ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ერთი ჩანაწერიც კი არ არის, ეს არის სხვადასხვა ჩანაწერის მონტაჟი. ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც ვერსიებზე. კრიზისი ამ შემთხვევაში მთავრობას კი არა "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია, მათი კანდიდატი, ვერ აგროვებს საკმარის ხმებს და შესაბამისად, ცდილობენ შექმნან აპოკალიფსის განცდა.
მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კრიზისი აქვს "ომეგა ჯგუფსაც", რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტედ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ინსცენირებული სპექტაკლი აღნიშნული სტრუქტურების მხრიდან, რათა თავიანთ სასურველ შედეგს მიაღწიონ" -განაცხადა ცქიტიშვილმა.
"რუსთავი 2"-მა "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე რამდენიმე სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მათ შორის ბოლო, დღეს გამოქვეყნდა.