სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება

17:30 10-02-2018
124

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება. ამის შესახებ 1tv წერს. 

„შემდეგ პროცესზე მოიყვანენ ვანო მერაბიშვილსა და ბადრი ბიწაძეს, რომლებიც დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ საკუთარ ხელმოწერებს. ის, რაც ხდება, არის საოცარი – ქალბატონი გიგაური არ მობრძანდება პროცესზე, როცა სარჩელის ინიციატორი თავად არის. მიდის ზეწოლა არამარტო საზოგადოებაზე, არამედ სასამართლოზე, რადგან ხვდება, რომ ცუდად აქვს სასამართლოში საქმე. ის ემალება სასამართლოს. მან ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმაგიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ.

გიგაურის უფლებადამცველების თქმით, სასაზღვრო პოლიციასა და ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე