თბილისი (GBC)- "ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
ბიზნესმენი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რჩება ლონდონში და მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაბრუნება. მიიჩნევს, რომ არ არის დაცული მისი პირადი უსაფრთხოება.
"ამავე დროს, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები", - წერს ოქუაშვილი.
მისი თქმით, "ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ".
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამ გარემოების დასტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თვალის დახუჭვა ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ ჩადენილ დანაშაულში, არამედ მრავალ სხვა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქმედებაში.
"ზემოაღნიშნულ საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალური თანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით. როგორც ვხედავ, პროკურატურა არ აპირებს არა თუ ბრალი წარუდგინოს ამ პირებს, არამედ, დღის წესრიგში მათი გამოკითხვის საკითხიც კი არ დგას.
ამდენად ის გარემოება, რომ ჩვენს მიმართ დანაშაულის ჩამდენი ზოგიერთი სხვა პირი კანონზე მაღლა დგას არის საფრთხის შემცველი ჩემი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემს დასაპატიმრებლად. მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დიდ ბრიტანეთში ან ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში გამოვიკითხო ჩემი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც სრულად გავცემ პასუხს გამომძიებლის ან/და პროკურორის მიერ დასმულ ყველა შესაძლო შეკითხვას.
დარწმუნებული ვარ, რომ უკანონობა და უსამართლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და მალე მომეცემა საქართველოში ჩამოსვლისა და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gbc.ge