"გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით" - გამყრელიძე

12:07 10-05-2018
72

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კრემლმა საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა.  

უწყების მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. 

გამყრელიძე ამბობს, რომ უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა. 

"გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი მსგავსი დეზინფორმაციის წყარო გახლდათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც გაავრცელა მორიგი ცრუინფორმაცია ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ცდების ჩატარების თაობაზე,"-აცხადებს გამყრელიძე. 

გამყრელიძემ ლაბორატორიის დანიშნულება და მიზანი კიდევ ერთხელ განმარტა. 

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზებისდიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.