სანქტ-პეტერბურგში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ბანერით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ,,ხანგრძლივი პატიმრობა" უსურვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აქცია ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის ,,აღსანიშნავად" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს და ფლაერებიც დაწვეს. როგორც რუსული მედია იუწყება, აქციის 4 წევრი პოლიციამ დააკავა, რომელთაგან სულ მცირე ერთს, არსებული ინფორმაციით, აქციასთან შემხებლობა საერთოდ არ ჰქონია.
ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს 66 წლის გახდა. მის დაბადების დღეზე დასასწრებად იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მოსკოვში ჩაფრინდა. ბერლუსკონის და პუტინს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებთ. ბერლუსკონი პუტინის დაბადების დღეზე გასულ წელსაც ჩავიდა და საჩუქრად საწოლზე გადასაფარებელი აჩუქა, რომელზეც თვითონ და პუტინი იყვნენ გამოსახულნი.