ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე უკვე თბილისშია და სასამართლოში ხვალ გამოკითხავენ,- განაცხადა ანგელა ვასილენკოს ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება დაკითხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა მხოლოდ სასამართლოში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მეტი გახსნილობის, მეტი ღიაობისა და მეტი სანდოობიდანგამომდინარე.
რაც შეეხება იმას, რა ინფორმაციის მიწოდება გვსურს – მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი და ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდოთ საგამოძიებო უწყებას. არაფერი დასაფარი არ გაგვაჩნია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არაფერი არ განხორციელებულა ფონდში ისეთი, რომლის ირგვლივაც პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არის შეუძლებელი“,- განაცხადა ადვოკატმა ვახტან კვიჟინაძემ.
პროკურატურამ ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა.
ანგელა ვასილენკო სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა. ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე პროკურატურამ მოწმის სახით გამოსაკითხად რამდენჯერმე დაიბარა, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არც ერთხელ გამოცხადებულა.
3 ოქტომბერს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხებით ფინანსდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ მისთვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს.