ზაზა ხატიაშვილი: დღეს, ზაზა ოქუაშვილის მასხარაობა დასრულდება...

10:21 10-09-2018
513

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, დღეს ინგლისური კომპანიის DILIGENCE მიერ ჩატარებულ დასკვნას გაასაჯაროებენ, რითაც დამტკიცდება, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი ორის“ ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.

„დღეს მოხდება უპრეცედენტო ფაქტი. ჩვენ წარმოვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ სამართალწარმოებაში. ეს არის ინგლისური ფირმა, DILIGENCE-ი, დიდი ოთხეული მსოფლიოსი. ამ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, ზაზა ოქუაშვილის მასხარაობა დასრულდება. მთელი საზოგადოება გაიგებს, რომ ზაზა ოქუაშვილი იტყუება, მიაქვს ტელევიზიებში დამონტაჟებული მასალა. ინგლისელები ამ ექსპერტიზის ბიუროს ეძახიან თავიანთ სიამაყეს. ჩვენ ამ დასკვნას წარუდგენთ ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებს. დასკვნაში იკვეთება, რომ ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებით ყველა ჩანაწერი არის დამონტაჟებული რამდენიმეჯერ და იქ აზრის გამოტანა არის შეუძლებელი. აქ საუბარია გაყიდული და სამარცხვინო პოლიტიკოსების გამონათქვამებზე, რომ ისინი რაღაც ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობიან. ამ ექსპერტიზის დასკვნაზე რომელი პოლიტიკოსიც იტყვის, რომ არ ენდობა, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ინგლისს, გაერთიანებულ სამეფოს და ვუთხრათ, რომ აი ეს დეპუტატები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არ შეუშვან“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი ექსპერტიზის დასკვნა,რომელიც ხატიაშვილმა დიდ ბრიტანეთში ჩაატარეს, უკვე გაასაჯაროვა. უფლებადამცველის თქმით, შემოწმებულ ჩანაწერებში ბევრი წყვეტა იყო, რაც მონტაჟზე მიუთითებდა, ამიტომ მასალა აუთენტური არ არის.

ავტორი: