"ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მას გაფრთხილება სჭირდება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
"მედიასთან მიმართებით მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მას გაფრთხილება სჭირდება. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მედია დამოუკიდებელთან ერთად, სამართლიანი და ობიექტურიც იქნება. ამ შემთხვევაში, მე როგორც მოქალაქეს, არ მომწონს ისეთი ტიპის განცხადებები, როგორიც გააკეთა ბატონმა ნიკა გვარამიამ და ასევე არ მომწონს ამ ფეისბუქ პოსტს რა გამოხმაურებაც მოაყოლა პარლამენტის თავმჯდომარემ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები გააკრიტიკა და საზოგადოებას მათი შევიწროებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი საგანგებო ბრიფინგი გამართა და გვარამიას ფაშისტი უწოდა.