იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დახმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ კანაფის თემით გადაწყვიტა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება - ასე ეხმაურება გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ. მათ შორის, იმათთანაც, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვს მომავალი თაობის გადარჩენას კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად. რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის. ეგეთი ხალხია - ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან პედოფილის დაძახება აიტანონ, მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე,- წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, კანაფის მომხმარებლები პედოფილებს შეადარა.
თურმე ადამიანს უფლება აქვს ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება ისე დაისვენოს, როგორც უნდა?! — ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას.