„ომეგას“ დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები ავთენტურია.
ომეგას მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიურომ ჩაატარა.
პირველ ჩანაწერში, "თბილისის თამბაქოს" მეწილე ირაკლი ჩუბინიშვილი და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ადგილობრივი და შემოტანილი სიგარეტის თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისთვის გადახდილ 2.5 თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნებისთვის" გადახდილ შავ ფულზე საუბრობენ.
მეორეში კი - ჩუბინიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შემდეგ ყვება, რის შემდეგაც თბილისის თამბაქოს 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა.
„პირველ ფაილზე გაკეთებული დასკვნით, რომ აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი უწყვეტი ჩაწერის შედეგად პირველწაყაროდანაა აღებული, რომ საკვლევი აუდიოფაილის თანმიმდევრობა დარღვეული არ არის და ეპიზოდების გადაბმის ადგილებში სიტყვები არ წყდება ცალსახად დგინდება ხსენებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
მეორე ჩანაწერზე დასტურდება, რომ ეს ჩანაწერიც ეკუთვნის მხოლოდ ერთ საუბარს, რომლის ჩაწერაც ერთ მოწყობილობაზე უწყვეტად მიმდინარეობდა და საკვლევი აუდიოჩანაწერი არის ავთენტური,“- ამბობს აღდგომელაშვილი.