როგორ გამოიყურება საქართველოს პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე – ფოტოკოლაჟი

10:12 10-10-2018
221

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters-ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. პავილიონზე 180 კვ. მეტრს იკავებს.საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს, წარმოდგენილია ასიათასობით დასახელების წიგნი. აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქართული წიგნის სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას აქვს უდიდესი კულტურული მნიშვნელობა, რადგან უამრავი ქვეყანა არის წარმოდგენილი კოლექტიური სტენდით, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია, გაეცნოს მსოფლიო მასშტაბით ახალ გამოცემებს და ავტორებს, მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასთან დაკავშირებით.