ქარიშხალი „მაიკლი“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა. BBC-ის ინფორმაციით, სტიქია აშშ-ის ტერიტორიას დღეს მიაღწევს. ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. მთავრობამ 370 000 ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში. სინოპტიკოსების ცნობით, ალაბამაში მოსალოდნელია ტორნადოც.
შტატის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ყველაფერი კეთდება. უკვე ცნობილია, რომ ადგილობრივების დასახმარებლად და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთვებიან.
ჰონდურასსა და სალვადორში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.