შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კურიერის“ ჟურნალისტ ეკა გაგუაზე და ოპერატორის ლევან კალანდიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს გამოძიება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმას, ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.