"ზოგი ეპიზოდი რამდენიმე დუბლად ჩავწერეთ, რადგან ზაზა ოქუაშვილი არტისტიზმს მიწუნებდა" - ლევან ყიფიანი

16:23 10-10-2018
750

ზოგი ეპიზოდი რამდენიმე დუბლად ჩავწერეთ, რადგან ზაზა ოქუაშვილი არტისტიზმს მიწუნებდა, - ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომელიც თბილისის პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა. 

ყიფიანის თქმით, ზაზა ოქუაშვილს აუდიოჩანაწერების მონტაჟი, სადაც თავად და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ, იმისთვის დასჭირდა, რომ საუბრის შინაარსი უფრო გაემძაფრებინა. 

ყიფიანი ვარაუდობს, რომ ოქუაშვილს წინასწარ განზრახვული ჰქონდა, რომ ამ ჩანაწერების მედიაში ტირაჟირება მოხდებოდა. 

ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს და გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, როპმ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც, გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო, რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდე ვიმეორებ, არტისტიზმი. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. 

ახლა კი ვხვდები, რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე. სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი, - ამბობს ლევან ყიფიანი თავის ჩვენებაში. 

ცნობისთვის, ქ.თბილისის პროკურატურამ, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი უკვე მეორედ გამოიძახა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, არც ლევან ყიფიანმა და არც მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის დღეს გამართავდა პრესკონფერენციას, სადაც გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრებდა, თუმცა პრესკონფერენცია გადაიდო. ცოტა ხნის წინ კი თბილისის პროკურატურამ გაავრცელა ჩვენება, სადაც დეტალურად წერია, თუ რა კითხვებზე მოუწია ლევან ყიფიანს გამომძიებლებისთვის პასუხების გაცემა. 

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 

 

ავტორი: ლელა მდივანი