რა მიზნით იმყოფებოდა "თიბისი ბანკში" ლევან ყიფიანი? - სკანდალური ჩვენება

16:45 10-10-2018
328

სპორტის ყოფილის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიცემულ ჩვენებაში „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდს იხსენებს.

როგორც გუშინ, თბილისის პროკურატურაში მიცემული ჩვენების დროს ყიფიანმა აღნიშნა, ის "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებს ეხმარებოდა და ამაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს. 

"აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომელსაც ისევ „ომეგელები“ წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ „გაქეშებაში“. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინალური ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ომეგას“ ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისთვის „ომეგა ჯგუფს“ გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა უქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად „იბერიაში“, - აცხადებს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.