„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ რუსთავი 2 თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება

18:50 10-10-2018
61

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის საქმეს განცხადებით ეხმიანება, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ: 

,,ვეხმაურებით “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და პროფესიული საქმიანობის შესაძლო ხელშეშლასთან დაკავშირებით. 

მედიით გავრცელებულ კადრებში"> (https://bit.ly/2Cza5jl) ჩანს, რომ ჟურნალისტს და ოპერატორს კამერა და მიკროფონი წაართვეს.ტელევიზიის ცნობით, რკინიგზის წარმომადგენლებმა მასალების წაშლა სცადეს და ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ. “კურიერი” სიუჟეტს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობაში შესაძლო დარღვევებზე ამზადებდა.

მისასალმებელია, რომ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ საქმე დროულად იყოს გამოძიებული და ინციდენტში ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და მისი ჟურნალისტების მიმართ ხშირია აგრესიული გამონათქვამები (https://bit.ly/2NzzXwu). ამ მხრივ განსაკუთრებით ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები გამოირჩევიან და ხშირად ეს გამონათქვამები სცილდება ეთიკის ჩარჩოებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააკრიტიკოს ან არ მოეწონოს არხის სარედაქციო პოლიტიკა, ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანაში ჟურნალისტებისათვის საქმიანობის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულები და ასევე, თავი შეიკავონ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ვერბალური თავდასხმისაგან, რადგან მსგავსი განცხადებები და დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენს."- ნათქვამია განცხადებაში.