"თვითონ აღიარა თაღლითი ვარო, სპექტაკლებს ვდგავდიო"... - გია ხუხაშვილი ყიფიანის ჩვენებას სასაცილოს უწოდებს

21:46 10-10-2018
582

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლევან ყიფიანის მიერ მიცემულ ჩვენებას სასაცილოს უწოდებს. ამის შესახებ მან "იბერიას" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. ხელისუფლებას კი მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ ამ საქმეს შეხედეს მხოლოდ სამართლებრივ პრიზმაში. სამართლებრივად შეფუთავენ და დადებენ თაროზე, ან იქით შეუტრიალებენ ვიღაცას. მაგრამ ეს ხომ ლოკალური, პროვინციული სამართალია, ადგილობრივი მოხმარების სამართალია. 

ამ შეფუთვა-შეფუთვაში, თუ ლონდონის სასამართლოში, ან საფრანგეთის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სასამართლოსი საქმე გაირჩა და ყიფიანის ეს ჩვენებები დაიდო, ჯერ ერთი სასაცილოდ არ ეყოფა, მერე სხვა პრობლემები დაიწყება. იქ იფიქრებენ, რომ დანაშაული არა ერთი თაღლითის მიერ ჩადენილი იყო, რომელიც სავარაუდოდ პირადი გამორჩენის მიზნით ფულს ცინცლავდა ოქუაშვილს, არამედ, სისტემური დანაშაულია, რადგან ხელისუფლება ადასტურებს, სამართალდამცავები ადასტურებენ, ფაქტობრივად, ამ ჭაობში ყველა ინსტიტუტის ჩათრევა ხდება" - ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყიფიანის ჩვენება, რომელიც სამარცხვინო და დაუჯერებელია, პროკურატურას არ უნდა გაესაჯაროებინა:

"ყიფიანმა თვითონ აღიარა თაღლითი ვარო, სპექტაკლებს ვდგავდიო და რამდენიმე დუბლი ჩავწერეო. ეს ბენეტრისტიკა რა უბედურებაა. პროკურატურა კი ამას გვიქვეყნებს, როგორ შეიძლება, სამარცხვინოა. ეს ჩვენება არის მაჩვენებელი იმის, რომ სახელმწიფო აღარ არის ამ ქვეყანაში?!" - განაცხადა ხუხაშვილმა. 

დღეს პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა. ჩვენებაში ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერები მან და ოქუაშვილმა არამცთუ დადგეს, არამედ ზოგი ეპიზოდი რამდენჯერმეც კი ჩაწერეს, რადგან ოქუაშვილი მისი არტისტიზმით კმაყოფილი არ იყო.



ავტორი: