ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს - უფლებადამცველები არასწორ გამოძიებაზე საუბრობენ

12:48 10-11-2018
244

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრმა  25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, პრაიმტაიმის პრესკლუბში კონფერენცია გამართა.

უფლებადამცველების თქმით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს და ვიტალი საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თეა ქობესაშვილის განცხადებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველები ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.

იურისტის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა ოჯახი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მიცვალებული ისე გადაიყვანეს პროზექტურაში.

როდესაც ვიტალი სახლში აღარ დაბრუნდა, ოჯახმა დაიწყო ძებნა. მისი ტელეფონი იყო ჩართულ მდგომარეობაში, მაგრამ არავინ პასუხობდა. ახლობლებმა 112-ის მეშვეობით შეიტყეს მომხდარის შესახებ. გამოძიებას ჰქონდა აბსოლუტურად ყველა ის დოკუმენტი, რაც ვიტალის თან ჰქონდა, მისამართის გაგებაც შეიძლებოდა, მოწმეებიც დაკავებული ჰყავდა,მაგრამ გამოძიებამ ვიტალის ოჯახი არ ჩააგდო საქმის კურსში, - აღნიშნა უფლებადამცველმა. 

თეა ქობესაშვილის თქმით, გამოძიება დაიწყო 108 მუხლით, დაკავებულია 2 პირი, თუმცა მკვლელობაში მონაწილეობდა 3. ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო მეორე პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. თუმცა, თვითმხილველების თქმით, აღნიშნული პირი უშუალოდ იღებდა მკვლელობის პროცესში მონაწილეობას და განახორციელებდა ძალადობას.

მართალია, ექსპერტიზის დასკვნები არ არის მზად, თუმცა ვიტალის მიყენებული აქვს ორი იარაღით ჭრილობები, ერთი ეს არის ე.წ კასტეტი, რომლითაც საკმაოდ დიდი ჭრილობები აქვს მიყენებული სახის არესი და მეორე არის დანა, რომელიც ამოღებული აქვს გამოძიებას, - განაცხადა ქობესაშვილმა.

უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

გამოძიება მიმდინარეობს ზერელედ და ბრალდება არასწორი კვალიფიკაციით არის წაყენებული, არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები, რაც ზოგადად ბრალს დებს საქართველოში. ისედაც ვხედავთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკის ზრდას, ასევე ვხედავთ ნეო ნაცისტური ჯგუფების გააქტიურებას. ისმის კითხვები, თუ საიდან ფინანსდებიან ეს ჯგუფები, არის თუ არა ეს რუსული ფულით დაფინანსებული. და სწორედ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ერთ-ერთი შედეგი იმ უყურადღებობის, რასაც იჩენს ხელისუფლებამ დაჯგუფებების მიმრთ,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი მოკლეს. იგი ჩართულობისა და განვითარების ცენტრში მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს საქმეზე ორი პირი დააკავა.