დღეს, ლეგენდარული მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების 1 წლისთავია.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, გასული წლის 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
80-იანი წლების ქართული კინოს მშვენება - ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი როლი, 12 წლის ასკში შედგა, როცა მოკლემეტრაჟიან მხატვრული ფილმში შადრევანში გადაიღეს.
შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში, „მშვენიერი კოსტიუმი (1973), „სიყვარული, ივერია და... (1975), „კავკასიური რომანსი (1975), „ნატვრის ხე (1976), „პეპელა (1977), „სათადარიგო ბორბალი (1978), „დიუმა კავკასიაში (1979), „მუდმივი მეგობარი (1980), „ოჯახი (1985), „დიმიტრი II (1982), „ჭიდაობას რა უნდა (1986), „ვამეხი მოდის (1988), „სპირალი (1990), „ოქროს ობობა (1992), „ჩაკლული სული (1994), „მხოლოდ ერთხელ (1994) და ა.შ.
კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი - „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.
სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თუმცა იყო თუმანიშვილის თეატრში მუშაობის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა - მსახიობი თეატრიდან მალევე წამოვიდა. იმ პერიოდში, სამოდელო ბიზნესი ის-ის იყო ვითარდებოდა და მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა.
გთავაზობთ, ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის, ლევან შანიძის ერთ-ერთ ინტერვიუს:
ლიკა არ იყო უბედური, რატომღაც ყველას უბედურად უნდა მისი წარმოჩენა, ვერ იყო ისეთი ბედნიერიო... რომელი შკალით ზომავ?... ლიკა ვერ იყო ზუსტად ისე ბედნიერი, როგორც ვერ არის საქართველოში ყველა ადამიანი ბედნიერი. მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ყველაფერი რთულია მაშინ, თუ არ იცი, რას აკეთებ. ესეც რთული მომენტია ჩემთვის, თქვენთან რომ ვსაუბრობ. მირჩევნია, ახლა წამოწოლილი ვიყო. თქვენ წარმოიდგინეთ ამ გლოვის დროს, მაინც გამოვნახავდი ისეთ ფონს, მუსიკალურს, რომელიც ჩემს მდგომარეობას შეესაბამებოდა, რაღაცებზე ვიფიქრებდი, გავიხსენებდი... პირიქით, მინდა მეტი ვიფიქრო, მეტი მოვახერხო და გავაკეთო, ვიდრე გავაკეთე. ვინც ლიკას უყვარდა და რასაც ლიკა იმათთვის გასცემდა, თუნდაც მათ დავეხმარო და მოვეფერო, შეიძლება აქეთ ვიყო დასახმარებელი, მაგრამ მაინც... ვინ დაგიშალათ, თქვე კაი ხალხო, გახდეთ მარიტები და გედიები, მაგრამ ციციკორეებასაც თვითონ ირჩევს ადამიანი?! ყველას შეუძლია, თუ მოინდომებს, მიიღოს სიყვარული, მაგრამ სანამ მიიღებ, გაცემა უნდა შეგეძლოს და ლიკას სიყვარულის გაცემაში პრობლემა არ ჰქონდა. ამიტომ ლიკას უდიდესი სიყვარული ჰქონდა. უბედური იყოო. ვინ არ იყო ბედნიერი? რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა, ფორტეპიანოზე უკრავდა არაჩვეულებრივად, გადაღებული იყო კინოში... არა, ყველას აქვს აქცენტი მარიტაზე, წადით და ნახეთ მისი ფილმები, მარტო 30 თუ 39 ფილმი დავთვალე მე. დაჯდება და ლაპარაკობს ვიღაც ლიკას უბედურებაზე და ქვა ქვაზე არ დაუდია. რა, მარიტა უბედურიაო, ხალხო, ის ფილმი იყო, დამონტაჟდა, გავიდა ეკრანზე, მორჩა... უბრალოდ, ერიდებოდა ამაზე საუბარი. ეშინოდა, როგორც ყველა ადამიანს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იქ შვილზე ფიქრობდა, თუმცა ლევანიკოზე ყოველთვის ზრუნავდა მამამისი, რაც ჰქონდა, ყველაფერს გასცემდა, ახლა თვითონაც მუშაობს, ცოლ-შვილი ჰყავს. სანდრო თაქთაქიშვილი არის კარგი მამა, კარგი პიროვნება, კარგი მეცნიერი, ყველაფერში კარგია, უბრალოდ, არის სიყვარული, რომელზეც ვილაპარაკეთ, ცალმხრივი, ორმხრივი...
სიყვარული ერთი მხრიდან ყოველთვის უფრო მეტია. გულს ნუ მატკენ და ისე ნუ მომკლავ, თორემ შიმშილით მე არ მოვკვდები. ლიკას არასდროს არ აკლდა ამ დონეზე, ლიკას ჰყავდა ძალიან კარგი მეგობრები, შესაშურად ძლიერი და კარგი მეგობრები. აი, მეგობართან რომ მიხვალ სათხოვნელად რაღაცის, ის არ არის მეგობარი. მეგობარმა არ უნდა გათხოვნინოს. მეგობარი თუ ხედავს და აქვს საშუალება, როგორ უნდა ჩაგაგდოს იმ დღეში, რომ მიხვიდე და სთხოვო - ამბობს ლევან შანიძე.
ლიკა ქავჟარაძის ბოლო გამოსვლა ტელევიზიაში - პროფილი 5 ოქტომბერი 2017 ლიკა ქავჟარაძე.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: