ან ლევან ყიფიანი იტყუება, ან ზაზა ოქუაშვილი - ზაქარია ქუცნაშვილი

15:37 10-11-2018
150

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ან სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იტყუება, ან ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი.

„ფაქტია, რომ ამ ორიდან ერთი საზოგადოებას ძალიან მძიმედ ატყუებს. როგორც ადამიანმა, ჩემი სურვილი გამოვთქვი, მაგრამ დანარჩენი კანონმა უნდა თქვას. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ ორი ადამიანიდან მართალს ვინ ამბობს და ვინ იტყუება“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის რთულია იმის შეფასება, რამდენად ნამდვილია ჩანაწერები.

„რამდენად სარწმუნოა და რამდენად ნამდვილია, ამის შემფასებლად არ გამოგადგებით. ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება. შინაარსი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენი არ იყო. ეს საქმე იმდენად გახმაურდა და იმდენად ემოციური ფონი შეიძინა, რომ, ჩემი აზრით, აქ კანონმა უნდა ილაპარაკოს და არა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა. მესმის, რომ პოლიტიკოსებს ბევრი ლაპარაკი უყვართ, ჟურნალისტებს კიდევ უფრო მეტი, მაგრამ მე მირჩევნია, ამ შემთხვევაში თავისი სათქმელი კანონმა თქვას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ენდობა.