როდის იწყება გრიპის აქტიური სეზონი და როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან? - პაატა იმნაძის რჩევები

12:32 10-12-2018
398

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებების რისკების შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს.

მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, თუმცა გრიპის შემთხვევაში გარკვეულ რჩევებსა და რეკომენდაციებს იძლევა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

- როდის იწყება გრიპის აქტიური სეზონი?

- გრიპის აქტიური სეზონი იწყება ყოველი წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით.

განსაკუთრებით საშიში რომელი რისკჯგუფებისთვისაა ეს ვირუსი?

- რისკჯგუფებში შედიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები - 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი; ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი; C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს; აივ ინფიცირებული პირები; ორსულები; სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი და ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები.

- რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას, როგორ უნდა დაიცვან თავი გრიპისგან?

- გრიპის ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა, საჭიროა  ექმთან კონსულტაცია. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრისადგილებს. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება. ერთჯერადად ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში.

- როგორც საზოგადოება, ასევე სამედიცინო პერსონალიც დიდი რისკის ქვეშ არიან პაციენტებთან ურთიერთობისას. მათ რა რჩევებს მისცემდით?

 - სამედიცინო პერსონალი სავალდებულოდ უნდა აიცრას სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში, ან მოხდეს მატი იზოლაცია კოჰორტულად. პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება, შეძლებისდაგვარად, უნდა შეიზღუდოს. პაციენტებს, პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას, სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი. სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები. უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ, ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით, პაციენტთან კონტაქტისას, გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები, ვალდებულია ატაროს ნიღაბი. ლაბორატორიული კვლევები გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, სეზონურ გრიპზე,  დამატებითი დიგნოსტირებისათვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისთვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად,  არ ესაჭიროებათ.

 

 

მირანდა ტყემალაძე