საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ბრიფინგი გაიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, არჩილ ომიაძე გამოეხმაურა იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გაავრცელა.
„დიმიტრი შაშკინი ასევე ავრცელებს უაღრესად მავნებლურ ინფორმაციას, თითქოს, თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს არასაჭირო იარაღს. ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს სამხედროები მრავალი წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების პირობებში ვითხოვდით, ამის საჭიროება 2008 წლის მოვლენებმაც გამოაჩინა, შესაბამისად, შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა შეესაბამება ჩვენს სამხედრო საჭიროებებს და შესყიდვების გრძელვადიან სტრატეგიას ექვემდებარება, რომელიც ასევე თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან“, - განაცხადა ომიაძემ.
ამასთან, არჩილ ომიაძემ უპასუხა დიმიტრი შაშკინის იმ ბრალდებასაც, რომლის თანახმად, არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესის ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობის შელახვაა.
„ბატონი შაშკინი ასევე ავრცელებს ქართველი ოფიცრისთვის შეურაცხმყოფელ მორიგ ბრალდებას, რომელიც სამხედრო ფორმის ტარებას შეეხება. ის საზოგადოებას ამცნობს, რომ არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესის ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობის შელახვაა. სინამდვილეში, ეს ცვლილება ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიღებული, გარკვეული მოსაზრებებით. ხოლო, ქართული ჯარის სიამაყის მიზანმიმართული დეგრადირება და ოფიცერთა კორპუსის, როგორც მორალური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ რომ მისი მინისტრობის დროს განხორციელდა. 2012 წლის არჩევნების პერიოდში, როდესაც მთელი შეიარაღებული ძალები 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა ყაზარმულ მდგომარეობაში და აქტიურად მიმდინარეობდა ტვინის გამორეცხვა, ვისზე უნდა გაეკეთებინათ სამხედროებს არჩევანი.
არასოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ყოფილა ასეთი დეპოლიტიზირებული, როგორც ახლაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის ეს შავი ფურცელი სამუდამოდ დახურულია. დღეს ჯარი წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია“, - განაცხადა არჩილ ომიაძემ.
რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ,,ნიუპოსტთან სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების ხელისუფლება ქართველ სამხედროებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.
შაშკინი საუბრობს იმ სქემაზე,რომლის თანახმადაც სამხედროები 28 ოქტომბერს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.
,,28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს პრეზიდენტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობაა, ანუ რამდენიმე დღეში ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის მთავარსარდალს, თუმცა ,,ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ მიაღებინოს.- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.