„გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს. ჯაფარიძის განცხადებით, ის კანონს არ არღვევს და კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მაინც გაიმართება.
„რის გაკეთებასაც მე ვაპირებ 20 ოქტომბერს, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ და ჩემი აზრით, ამით არ ვარღვევ კანონს. ყველას, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ვეუბნები, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება, დედა ენის ბაღში, 20 ოქტომბერს, 14:20-ზე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, არცერთ იქ მყოფს არავინ არ სთხოვს კანონის დარღვევას, კანონს დავარღვევ მარტო მე, ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე. მოსვლას ვაპირებ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად.
გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, რისაც მე არ მჯერა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი განმარტებით, კანაფის მოხმარების უფლებას მას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს და თუ შსს ამას მაიც დანაშაულად მიიჩნევს, ის 2016 წლის მსგავსად, როცა 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა, ახლაც ჩაიდენს დაუმორჩილებლობის აქტს.
ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოების აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ესაა მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო, რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია.
დღეს, შსს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავი ე.წ. ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას და მათ შეახსენა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. სასჯელის ზომა განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული ისე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება ასევე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზებაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.