თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ირწმუნება, რომ საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე მსჯელობენ.
"როგორც, რამდენიმე კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში სერიოზულად მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების საკითხზე. მზაობას გამოთქვამენ როგორც სამდივნოს კოლეგიის წევრები, ისე გავლენიანი საერო პირებიც, რომელნიც დაახლოებულნი არიან უშუალოდ მდივან-რეფერანტთან და მოსაყდრე შიოსთან.
როგორც ჩანს კონსპირაციული შეთანხმების აქტორები ფიქრობენ, რომ კათალიკოს-პატრიარქ ილიას მხოლოდ სიცოცხლეში თუ შესწევს უნარი გაამარჯვებინოს საკუთარ რჩეულსა და ფავორიტს, რადგან მოცემული რეალობის გათვალისწინებით მიტროპოლიტ შიოს სხვა მხრივ არავითარი შანსი არ გააჩნია. ამ მიზნის მისაღწევად, მავანნი, ძალზე დიდ წნეხსა და ზეწოლას ახორციელებენ მის უწმინდესობაზე და დღენიადაგ, დაჟინებით ცდილობენ მის დარწმუნებას აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობაში" - ამბობს ტიგინაშვილი.
თეოლოგი საპატრიარქოს თანამშრომლებს, მაღალ იერარქიასა და სამღვდელო დასს მოუწოდებს – არ დაუშვან ძალმომრეობა და შეთქმული აგრესია კათოლიკოს-პატრიარქზე, დაუყონებლივ დაინტერესდნენ ხსენებული გეგმის ავტორთა ვინაობით, იგრძნონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთონ ეკლესიისათვის ამ განსაცდელის თავიდან ასარიდებლად.
"ყველაზე მთავარი – ამ მოვლენის საკრალიზაციისთვის მავანნი აპირებენ ზემოთ ხსენებული სისრულეში მოიყვანონ საზეიმო ვითარებაში სვეტიცხოვლობას ან უახლოეს პერიოდში რომელიმე დიდ დღესასწაულზე აღასრულონ" - ირწმუნება თეოლოგი.